ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე დასაწყისი NBA-ს ახალ სეზონში

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2012-2013 წლების სეზონის პირველ მატჩში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

ზაზა თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ატლანტელებმა ბოლო მეოთხედში გარდატეხა რომ მოახდინეს, მისი დიდი დამსახურებაა.

სამწუხაროდ, ატლანტელებმა ვერ მოახერხეს ტემპის ბოლომდე შენარჩუნება და მატჩი 102:109 დათმეს.

ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე ყოველი გამოსვლისას ატლანტელთა შეტევებს აგრესიას და ენერგიას მატებდა. ჰიუსტონელებმა მეორე მეოთხედში სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს, თუმცა ქართველი ცენტრის აქტიურობას ჩამორჩენის შემცირება მოჰყვა.

ასე მოხდა ბოლო პერიოდშიც, როცა
ატლანტელებმა დაწინაურებაც კი მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ ვერაფერი გააწყვეს ფენომენალური ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ, რომელმაც ჰიუსტონელებს 45 ქულა შესძინა.

ქართველმა ცენტრმა სროლათა მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 13 ქულა მოაგროვა, რასაც 8 მოხსნა და 1 პასი ისე მიაბა, რომ ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

ფაჩულია თავის გუნდში მეორე მომხსნელი გახდა. მასზე მეტი მხოლოდ ჯოშ სმიტმა დააგროვა, რომელმაც 42 წუთში 10 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა.

მომდევნო მატჩს ატლანტელები ოკლაჰომაში "სანდერთან", 5 ნოემბერს ჩაატარებენ. ჩვენი დროით, 4 ნოემბერს, გამთენიისას კი თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" "ტორონტოს" უმასპინძლებს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული