ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" სტუმრად NBA-ს ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსის" მნიშვნელოვანი წარმატება NBA-ს ახლად დაწყებული სეზონის მეორე მატჩში.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა გასული სეზონის ფინალისტ "ოკლაჰომას" სტუმრად მოუგო. ატლანტელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მრისხანე მეტოქე მისსავე მოედანზე 104:95 დაამარცხეს.

ოკლაჰომელებს ჯეიმს ჰარდენის წასვლით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გამოეცალათ, თუმცა გუნდში რჩებიან და იშტაზეც არიან ლიგის აღიარებული ვარსკვლავები - კევინ დურანტი და რასელ ვესტბრუკი, რომლებიც ატლანტელებთან ბევრს ეცადნენ, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი გამოუვიდათ.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ატლანტელებმა 29:21 მოიგეს. "ჰოუქსს" ლიდერად მოევლინა ალ ჰორფორდი, რომელმაც სასტარტო ხუთეულში 33 წუთი ითამაშა და
23 ქულას 12 მოხსნა და 3 პასი მოაყოლა.

მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელიც სათადარიგო იყო, თუმცა სამ სასტარტოზე მეტხანს ითამაშა. ზაზამ მთლიანობაში 28 წუთი, ანუ ყველა ატლანტელ სამარქაფოზე მეტი ხანი დაჰყო მოედანზე.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ძირითადად, დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული და რაკი წარმატებულად ართმევდა საკუთარ საქმეს თავს, მწვრთნელმა ის საკმაო დროით დატოვა მოედანზე.

ზაზამ ოკლაჰომელთა კალათს 5-ჯერ შეუტია, საიდანაც 3 ჩააგდო და 6 ქულა დააგროვა. ფაჩულიას ასევე 6 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

ჩინებულად გაისარჯა ატლანტელთა კიდევ ერთი მარქაფი ლუი უილიამსი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. რაც შეეხებათ ოკლაჰომელებს, მათ ტრადიციული ლიდერი - კევინ დურანტი ჰყავდათ, რომელმაც 22 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა.

28 ქულა დააგროვა ჰარდენის ნაცვლად "ჰიუსტონიდან" მისულმა კევინ მარტინმა, ხოლო რასელ ვესტბრუკმა შეხვედრა 14 ქულითა და 9 პასით, თუმცა თამაშიდან სროლათა უხეირო მაჩვენებლით (18-დან 5) დაასრულა.

მატჩის შემდეგ ატლანტელები შინ დაბრუნდნენ და 7 ნოემბერს საკუთარ "ფილიპს არენაზე" მათსავით მებრძოლ ინდიანელებს შეხვდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული