მონტეპასკი - სუპერთასი სუპერგუნდს

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონი "მონტეპასკი" თასის ფინალისტ "ვირტუსს" დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიაში საუკეთესოა. სიენელებმა ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები 82:64 დაამარცხეს.

მატჩის მსვლელობაზე სალაპარაკო ბევრი არაფერია: "მონტეპასკიმ" პირველი მეოთხედი 25:18 მოიგო, დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ფორით გავიდა (48:36) და მეორე ტაიმში გამართული დაცვის წყალობით "ვირტუსს" თუნდაც 10 ქულით მიახლოვების უფლება არ მისცა. სხვებთან ერთად სიენელთა დაცვითი ზღუდის გადალახვა სანიკიძესაც გაუჭირდა. მან პირველ ტაიმში ერთი სამქულიანი ჩააგდო, მეორეში კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძელთა კალათი ვერ დალაშქრა. თუმცა დაცვაში ნაყოფიერად იმუშავა, მოხსნებიც
ჰქონდა, ჩაჭრებიც და დაფარებებიც.

აი, ვიქტორ სანიკიძის სრული მონაგარი: 24 წუთი, 3 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 ორიანი), 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი. ბოლონიელთაგან ყველაზე უკეთ ჯუზეპე პოეტამ ითამაშა - 17 ქულა მიითვალა (7-დან 3 სამქულიანი).
ერთით ნაკლები ქულა ჰქონდა მონტეპასკელ მაკალებს, რომელიც სუპერთასის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

***

მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", "ჩინლანდიას" თასისთვის "კრემონას" "დაეჭიდა". ამ გუნდებმა ორი კვირის წინაც ითამაშეს და მაშინ "კანტუმ" მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. როგორც ჩანს, ეს წაგება კარგად ახსოვდა კრემონელთა თავკაც ტომო მაჰორიჩს ("კიევში" მანუს წვრთნიდა), შეგირდები სათანადოდ განაწყო და ამჯერად გამარჯვება "კრემონას" დარჩა - 75:68.

მარკოიშვილი "კანტუს" 13 ქულით გაუძღვა. ძველ მეგობარს მიბაძა კრემონას უკრაინელმა ფორვარდმა არტურ დროზდოვმა - მანაც 13 ქულა მოაგროვა. ეს ორი კალათბურთელი ორი წლის წინათ მხარდამხარ იცავდა "კიევის" ღირსებას.

***

იტალიის "ლეგადუეში" მეორე ტურის მატჩი გამართა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ", რომელმაც "ფერარას" 21 ქულის სხვაობით სძლია - 76:55.

მე-19 ნომრით მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 10 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია, მატჩი სამი მოხსნით დაასრულა.

რიმინელები მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს "ფულგორთან" სტუმრად ჩაატარებენ. ამავე დღეს დაიწყება სერია A , რომლის სადებიუტო ტურში სანიკიძის ბოლონია მარკოიშვილის "კანტუს" მიიღებს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული