ლაშა გამყრელიძე ლიდერთა შორის

AutoSharing Option
2009-10 წლების სეზონში ლაშა გამყრელიძე გერმანულ "მიტელდოიჩერში" თამაშობდა. იმ სეზონში გუნდი ბუნდესლიგის დებიუტანტი იყო და მისგან საოცრებებს არავინ ელოდა. "დოიჩერმა" კი სეზონის სტარტზე გრანდები ერთმანეთზე მიაწყო და ლიდერთა შორის გაერია. ამ სეზონის დაწყების წინ ლაშას ვკითხე, "გისენთან" ერთადაც შარშანდელ სტარტს ხომ არ გეგმავ-მეთქი. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გისენელებს ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდათ. თუმცა სამი ტურის შემდეგ სწორედ შარშანდელს იმეორებს - "გისენიც" დაუმარცხებელია და ჩემპიონატს "ბროსებასკეტთან" და "ოლდენბურგთან" ერთად ლიდერობს.

მესამე ტურში ლაშას გუნდმა "ბაირეუთი" 73:67 დაამარცხა. ისევე,
როგორც წინა მატჩებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე გადაწყდა: სამი პერიოდი "გისენმა" თითო ქულის სხვაობით მოიგო და მეოთხეს სამქულიანი სხვაობით შეხვდა. ბოლო რაუნდის დასაწყისში კი სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა და მასპინძლებს ასეთი უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ. გისენელთაგან ბოლო ქულა გამყრელიძემ ჩააგდო და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - 73:64. სირენასთან ერთად ბაირეუთელმა კემპბელმა სამქულიანით საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 73:67.

ლაშამ 31 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა ჩაიწერა.

15 ოქტომბერს "გისენს" "ოლდენბურგი" ელის. წაგება ჯერ არც ერთს უგემია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული