გიორგი ცინცაძე: იმედი მაქვს, რომ ევროთასზე მეოთხედფინალს მივაღწევთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე უკრაინულ "ბუდიველნიკში" წამყვან კალათბურთელად რომ იქცა, ამის შესახებ ხშირად გვიწევს წერა.

მისმა კარგმა გარჯამ ევროთასის ოფიციალური საიტის ჟურნალისტი ხავიერ განცეგოც დააინტერესა და ქართველს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. შესავალში ვკითხულობთ:

"ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ბუდიველნიკი" ევროთასს დაუბრუნდა და კვლავ მაღალ მიზნებს ისახავს - მეოთხედფინალში გასვლას, რაც 2011 წელს უკვე მოახერხა.

უკრაინული კლუბის ერთ-ერთი ახალწვეული გიორგი ცინცაძეა. იგი 2005-06 წლების სეზონიდან გვახსოვს, როცა 20 წლის ასაკში მოსკოვის "დინამოსთან" ერთად ევროთასი (მაშინ ულების თასი ერქვა) მოიგო.

მას მერე ცინცაძემ ითამაშა
ესტონეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მშობლიურ საქართველოში და 26 წლისა უკრაინულ "ბუდიველნიკში" ჩაირიცხა.

ტრავმების მოშუშების შემდეგ იგი ათამაშდა და გაგვახსენა, რომ ევროპული კალათბურთის კარგად დამალული საიდუმლოა.

გიორგი ევროთასზე საშუალოდ 11.8 ქულას, 3.5 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებს. ოთხი მატჩის შემდეგ მისი გუნდი "პრიენაისთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს (2-2 მოგება-წაგება).

მეხუთე მატჩში "ბუდიველნიკი" ჩეხეთის "ნიმბურკს" მიიღებს. ამ შეხვედრის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს ქართველი გამთამაშებელი:

- "ნიმბურკთან" გადამწყვეტი ბრძოლა გველის. მისი მოგება მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, საკუთარ თამაშს ვუჩვენებთ და შედეგსაც მივაღწევთ, რაშიც გულშემატკივარიც დაგვეხმარება.

- გასულ კვირას იერუსალიმის "ჰაპოელი" დაამარცხეთ. რა იყო წარმატების საიდუმლო?
- "ჰაპოელთან" სტუმრად წაგებული გვქონდა და შინ წარუმატებლობის შემთხვევაში მეტოქეს დიდი უპირატესობა გაუჩნდებოდა.

მოხარული ვარ, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. მართალია, ბოლო წუთებზე წინ "ჰაპოელი" იყო, მაგრამ მობილიზება მოვახერხეთ და გუნდური თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი ორი ქულა მოვიპოვეთ.

იმედია, მომავალშიც ასეთივე შეკრულები ვიქნებით.

- "ბუდიველნიკი" შინ უკეთესად თამაშობს, ვიდრე სტუმრად. რატომ?
- ჯერჯერობით ასეა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კვირის განმავლობაში არაერთი მატჩის ჩატარება გვიწევს.

ევროთასის პარალელურად, უკრაინის პირველობაზე ვასპარეზობთ და ზოგჯერ კვირაში სამი შეხვედრის გამართვა გვიწევს.

რადგან სტუმრად მოგება გვიჭირს, ძალიან მნიშვნელოვანია საშინაო მატჩებში გამარჯვება, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანსს დაგვიტოვებს.

- 2006 წელს "დინამოსთან" ერთად ევროთასი მოიგეთ. მაშინ ცოტა სათამაშო დრო გქონდათ. რას ნიშნავს ის ტიტული თქვენთვის?
- დიდი გამოცდილება მივიღე. ახალგაზრდა, მაგრამ გუნდის ნაწილი ვიყავი. მაშინ "დინამოში" ცნობილი კალათბურთელები თამაშობდნენ და დუშან ივკოვიჩი წვრთნიდა.

ევროთასის მოგება ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. წარმატებაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. ახლა შედარებით გამოცდილი ვარ, ევროთასზე მეორედ დავბრუნდი და ვცდილობ, წარმატებული სვლა განვაგრძო.

- 2006 წელს ფინალური მატჩი შარლერუაში შედგა. "დინამომ" "არისი" დაამარცხა. რა გახსოვთ ყველაზე უკეთ იმ დღიდან?
- მახსოვს არისის გიჟი ფანები (კარგი კუთხით). მატჩის დაწყებამდე მოედანი თეთრი ქაღალდებით გაივსო. საოცარი სანახაობა იყო. მოგებით ძალიან გავიხარეთ.

- 2006 წლის შემდეგ ევროთასის გათამაშება ბევრად შეიცვალა?
- რა თქმა უნდა. შეიცვალა მთავარი - სახელწოდება (იცინის)! ამჯერად შეჯიბრებაში უფრო მეტი გუნდი მონაწილეობს. მას ხარისხს მატებს რუსეთის, თურქეთისა და ესპანეთის მაღალი დონის კლუბები. ევროლიგის შემდეგ ევროთასი მეორე საკლუბო შეჯიბრებაა.

- დროთა განმავლობაში ევროთასსა და ევროლიგაზე ქართველი კალათბურთელების რაოდენობა მატულობს. ეს თქვენთვის საამაყოა?
- ქართველების ხილვა წამყვან შეჯიბრებებში მართლაც სასიამოვნოა. ეს ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის აუცილებელია, რათა მეტი ადამიანი დაინტერესდეს სპორტის ამ სახეობით.

რაც მთავარია, ქართველი ლეგიონერები კლუბებში წამყვან პოზიციებზე არიან. წარმატებას ვუსურვებ მათ.

- სათამაშო დრო საკმარისად გაქვთ. ფიქრობთ, რომ წლეულს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას?
- აქამდე ტრავმების გამო არაერთი პრობლემა მქონდა. გუნდების ხშირად გამოცვლაც მიწევდა. ამჯერად ევროთასზე მოასპარეზე გუნდში ვარ და ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს თავის წარმოსაჩენად.

მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა "ბუდიველნიკის" მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას. მაქსიმუმს გავიღებ და ვნახოთ, რა გამოვა.

- მიგაჩნიათ, რომ კარიერის საუკეთესო წლები წინაა?
- ამის იმედი მაქვს. მინდა, ისევე განვაგრძო, როგორც ახლა ვთამაშობ. ტრავმები ჩვენი სამუშაოს ნაწილია, თუმცა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, სათანადოდ ვშრომობ, რომ თითოეული მატჩისთვისაც მაქსიმალურად მზად ვიყო და საკუთარი თამაში კიდევ უფრო დავხვეწო.

- 2012-13 წლებში თქვენ და "ბუდიველნიკი" რა მიზნებს ისახავთ?
- საკუთარ მიზნებზე ყურადღების გამახვილება არ მსურს. კარგადაც რომ გავისარჯო, მაგრამ გუნდმა წააგოს, მიზანს ვერ მივაღწევთ. რა თქმა უნდა, მინდა მეც მოწოდების სიმაღლეზე ვიყო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთლიანად გუნდმა ითამაშოს კარგად.

ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და ნამდვილად შეგვიძლია ევროთასის მეორე რაუნდში გადასვლა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. თამაშის გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია.

იმის იმედიც მაქვს, რომ ევროთასზე მეოთხედფინალს მივაღწევთ და საუკეთესო რვა გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულები ვიქნებით.

არც იმას დავმალავ, რომ უკრაინის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. სეზონის მსვლელობისას ერთმანეთს კიდევ უკეთესად გავიცნობთ, შევთამაშდებით და მეორე ნახევრიდან უკეთესი გუნდი გვეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "კრივბასი" არ დაინდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული