გიორგი ცინცაძე ლიტველთა ალყაში

AutoSharing Option
გუშინ საღამოს ბალტიის ლიგაზე მესამე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა". ლიტვის "ნევეჟისთან" მატჩამდე "როკერებს" თითო მოგება-წაგება ჰქონდათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ წაგებათა გრაფაში ერთიანი ორიანმა შეცვალა. დაძაბულ ბრძოლაში "როკმა" ტარტუელი ქომაგის წინაშე "ნევეჟისთან" 68:73 წააგო.

სხვათა შორის, ორი წლის წინათ, მაშინ, როცა ცინცაძე "როკში" თამაშობდა მწვრთნელი ხშირად ჩიოდა - მატჩის დასაწყისში თამაშის დალაგება გვიჭირს და ზოგიერთი შეხვედრა ამიტომაც წავაგეთო... "ნევეჟისთანაც" იგივე განმეორდა, "როკმა" პირველი პერიოდი 18:28 დათმო და მატჩის ბოლო წუთებამდე ამაოდ ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა გიორგი
ცინცაძის დახმარებით მეტოქეს ენერგიულად შეუტიეს - ბუმ ჯერ შედეგიანი პასით ვეიდემანს ჩააგდებინა, შემდეგ ორი საჯარიმო გამოიყენა, სირენამდე 3:51 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო და "როკერთა" ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (61:65). ამას კიდევ ორი "საქულე" პასი მოჰყვა და სირენამდე 42 წამით ადრე ვეიდემანმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა - 68:70, მაგრამ დარჩენილ დროში ლიტველებმა კალათი მშრალად შეინახეს და 73:68 გაიმარჯვეს.

"ნევეჟისის" გამარჯვება კრესნარმა განაპირობა - 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ტარტუელთაგან სამი კალათბურთელი გამოირჩა: ეზიუკვუმ 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 დაფარება მოაგროვა; ვეიდემანმა 14 ქულა მიითვალა; ცინცაძის მოანგარი ასეთი იყო - 34 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი. გიორგიმ 8 ორქულიანი, 4 სამიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, რომელთაგან ორ-ორი გამოიყენა.

"ტარტუ როკი" ლიტველთა ალყაშია - გუშინ "ნევეჟისი" გაისტუმრა, დღეს ლიტვურ "შიაულიაის" მიიღებს. მეორე მატჩიც ბალტიის ლიგის ეგიდით გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული