მაინც რა გააკეთა შენგელიამ? - იკითხავთ. ჯერ მატჩის ანგარიშს მოგახსენებთ - თოკოს "სპრინგფილდმა" 119:127 დათმო. ქართველმა თავდამსხმელმა 42 წუთი ითამაშა, 22 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სამ კომპონენტში 10-იანი ზღვრის გადაბიჯება იშვიათი შემთხვევაა და სამმაგი დუბლი ეწოდება.
გარდა ამისა, მის
განვითარების ლიგაში ქართველთან ერთად გადასულმა ტაიშონ ტეილორმა 32 ქულას მოუყარა თავი.
* * *
აი, რა დაწერა გაზეთ "ნიუ იორკ პოსტის" ჟურნალისტმა ტიმ ბონტამპსმა, რომელმაც "სპრინგფილდის" მატჩი იხილა:
"შენგელიამ დაგვანახა, რომ მრავალმხრივი კალათბურთელია. საზაფხულო ლიგის შემდეგ სწორედ ამიტომ აიყვანა იგი "ბრუკლინ ნეთსმა".
ტანმაღალია (207 სმ), თუმცა ამის მიუხედავად, ბურთს კარგად ფლობს. შენგელიას შესრულებით ვიხილეთ ეფექტური პასები, ფარქვეშ შესვლები და ლამაზად, ტრიალში ჩაგდებული ბურთები.
მარჯვენა ხელით ჩატენვა კი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფორვარდი არაერთხელ დარჩა თავისუფალ პოზიციაში, თუმცა ბურთი არ მიუღია."
- ძნელია მატჩის სათადარიგოთა სკამიდან ყურება. თუმცა "ბრუკლინში" რომ გადავდიოდი, ვიცოდი, თავიდან დიდი სათამაშო დრო არ მექნებოდა. ვცდილობ ვისწავლო, NBA-ს სათანადოდ ავუღო ალღო, რათა თამაშის შანსი რომ გამომიჩნდება, ყოველმხრივ მომზადებული ვიყო, - ასეთი კომენტარი გააკეთა თორნიკე შენგელიამ.
"სპრინგფილდ არმორის" მთავარი მწვრთნელი ბობ მაქკინონი ტაიშონისა და თორნიკეს თამაშით აღფრთოვანებული დარჩა:
- მათ დიდებული მომავალი აქვთ. მალე ისწავლიან, როგორ ითამაშონ NBA-ში და დარწმუნებული ვარ, ჩამოყალიბდებიან ნაციონალური ასოციაციის სოლიდურ კალათბურთელებად.
"სპრინგფილდმა" მომდევნო დღეს "რედ ანტსთან" 107:101 გაიმარჯვა. იმ მატჩის განაცხადში არც ტეილორი იყო და არც შენგელია. ისინი "ბრუკლინის" მაისურით "ფილადელფიისთვის" ემზადებოდნენ.
განვითარების ლიგაში ერთი მატჩის ჩატარების შემდეგ იგი "ბრუკლინს" დაუბრუნდა და მოედანზე გასვლაც მოუწია.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუკი აქამდე თორნიკე მატჩის ბოლოს ერთვებოდა თამაშში, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ახლა ის პირველივე მეოთხედში გამოჩნდა მოედანზე.
განვითარების ლიგაში სამმაგი დუბლის მითვლამ ქართველი კალათბურთელის მიმართ გულშემატკივართა ინტერესი და გრძნობები კიდევ უფრო გაზარდა და როცა ის 23 დეკემბერს, ღამით, "ფილადელფიასთან" მატჩის პირველ მეოთხედში მოედანზე გამოჩნდა, მაყურებელი შენგელიას მხურვალე ოვაციით შეხვდა.
პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1,44 წუთით ადრე თორნიკემ ბრუკლინელთა ლიდერთაგანი ჯო ჯონსონი შეცვალა და მოედანზე მომდევნო 3,20 წუთის განმავლობაში დარჩა.
ამ დროში შენგელიამ 1 მოხსნა, 1 პასი და 1 გარბენი გააკეთა, ფარისთვის კი არ შეუტევია. მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე ჯონსონი მოედანზე ქართველი ფორვარდის ნაცვლად დაბრუნდა და ამის შემდეგ თოკო მოედანზე აღარ გამოჩენილა.
მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო წამებზე, ბრუკლინელთა სასარგებლოდ გადაწყდა - 95:92.
"ბრუკლინს" 14 მოგება და 12 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილის ტოლფასია. მომდევნო მატჩი ბრუკლინელებს 25 დეკემბერს შინ, "ბოსტონთან" ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"