შენგელიამ კასტელსი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა "პეპინსტერმა" "ანტვერპენს" უმასპინძლა და 98:84 დაამარცხა.

კალათბურთს მოწყურებულმა პეპინსტერელებმა მრისხანე მეტოქესთან პირველივე ტაიმში მოითავეს საქმე - დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (57:40). მასპინძლებმა სტუმრებს არც მეორე ტაიმში დაუთმეს რამე და სეზონი გამარჯვებით გახსნეს.

"პეპინსტერისგან" განსხვავებით, "ანტვერპენი" ბელგიური კალათბურთის ფლაგმანია. მას ამ ქვეყნის ნაკრების თავკაცი ედი კასტელსი წვრთნის. 16 ოქტომბრის მატჩში შენგელიას სამ მეტოქეს 20 აგვისტოს თბილისშიც უთამაშია: როელ მოორსს, რენდი ოვენეკეს და ვან დერ იონკჰეიდს.

თორნიკემ მათთან ბრძოლაში
საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა: 18 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ახალგაზრდა შენგელია მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. სასტარტო ხუთეული ძირითადად ამერიკელებმა შეავსეს. მატჩის ბედიც სწორედ ოკეანისგაღმელებმა გადაწყვიტეს: დომინიკ ვოტერსმა 26 ქულა ჩააგდო, სტეფონ ჯექსონმა - 21, რაშუან ფრიმანმა - 20.

ზემოთ პეპინსტერელებს "კალათბურთს მოწყურებულები" იმიტომ ვუწოდეთ, რომ ისინი ორი კვირაა, იცდიან... ბელგიის ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დაიწყო. შეჯიბრებაში 9 კლუბი მონაწილეობს და ყოველ ტურს ერთი გუნდი ტოვებს. პირველ დღეს სწორედ შენგელიას თანაგუნდელებს მოუწიათ დასვენებამ. მეორე ტურის მატჩი 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ "პეპინსტერის" მეტოქე "შარლერუა" საერთაშორისო სარბიელზე თამაშისთვის ემზადებოდა და ბელგიის ჩემპიონატის მატჩი გადაიდო. "პეპინსტერის" უახლოესი მატჩი 23 ოქტომბერს იგეგმება - "მონსს" ეწვევა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული