თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ თავიანთ გუნდებს 2-2 ქულა შეაშველეს

AutoSharing Option
6 იანვარს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გუნდებმა.

პირველად მოხდა, რომ ქართველი მოთამაშეების ქულობრივი მონაგარი დაემთხვა. სამწუხაროდ, ოდენობამ მხოლოდ 2 ქულა შეადგინა.

"ატლანტამ" 5 იანვარს დეტროიტში წაგებას 6 იანვარს საშინაო მარცხიც მოაყოლა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ კონკურენტ "ბოსტონს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში "სელტიკს" გვარიანად უსწრებს, მაინც დამარცხდა - 81:89.

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 13,37 წუთი ითამაშა. ზაზამ თამაშიდან ერთხელ შეუტია ბოსტონელთა ფარს და ააცილა,
2 საჯარიმო კი ჩააგდო და მატჩი 2 ქულითა და ამდენივე მოხსნით დაასრულა. ფაჩულიას ოპონენტმა კევინ გარკეტმა შეხვედრა 14 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა.

მარცხის მიუხედავად, 20 მოგებისა და 12 მარცხის მქონე "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს ინარჩუნებს.

მეოთხეზე მყოფ "ინდიანას" 20 მოგება და 14 მარცხი აქვს. ცხრილში აღმასვლას განაგრძობს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომლმაც ამჯერად "საკრამენტო" გაანადგურა - 113:93.

მთავარი მწვრთნელის, აივერი ჯონსონის დათხოვნის შემდეგ ბრუკლინელებს პიჯეი კარლისიმოს ხელში 6 მატჩიდან 5 მოგება აქვთ და აღმოსავლეთის ცხრილში უკვე მე-6 ადგილზე არიან.

"საკრამენტოსთან" მატჩში 4,47 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ქართველ ფორვარდს თამაშიდან არ შეუტევია, ქულები საჯარიმო სროლებით მოინაგრა. სხვა სათადარიგოებმა უფრო შედეგიანად ითამაშეს.

მირზა ტელეტოვიჩმა NBA-ს კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბოსნიელ მსროლელს მწვრთნელმა 21 წუთი გამოუყო, რის განმავლობაშიც მირზამ 14 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 პას-დაფარება მიითვალა.

16 ქულა ჰქონდა მარშონ ბრუკსს, ანდრეი ბლაჩმა კი თავი 15 ქულას მოუყარა. მთლიანობაში სათადარიგოებმა "ბრუკლინს" 50 ქულა შეაშველეს.

შემდეგ მატჩებს "ატლანტა" და "ბრუკლინი" 8 იანვარს გამართავენ, თან ორივე სტუმრად ითამაშებს. შენგელიას გუნდი ფილადელფიაში "სიქსერსს" გაეჯიბრება, ხოლო ფაჩულიას გუნდი მინესოტაში "ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული