ამერიკაში ასევე თამაშობს ახალგაზრდა თორნიკე შენგელია, რომელიც "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას იცავს.
მოვუსმინოთ ატლანტელს და შევიტყობთ, რას ფიქრობს იგი ზოგადად NBA-ზე და კონკრეტულად თორნიკე შენგელიაზე, - ასეთი შესავალი გაუკეთა თავის ვიდეოინტერვიუს REALGM-ის ჟურნალისტმა მაიკლ სკოტმა.
- ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საქართველოდან ორი კალათბურთელი თამაშობს - წლეულს "ბრუკლინში" გადავიდა თორნიკე შენგელია. რას ნიშნავს თქვენთვის NBA-ში კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა?
- სასიხარულოა, რომ მსოფლიოს უპირველეს ლიგაში კვლავ ორი ქართველი ვართ. მსგავს სიტუაციაში
ჩემამდე ამერიკაში სათამაშოდ გადმოვიდა ვლადიმერ სტეფანია, რომელსაც საინტერესო საკალათბურთო კარიერა ჰქონდა.
ასევე NBA-ში ასპარეზობდა ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც 2002 წლის დრაფტზე მე-5 ნომრად აირჩიეს.
ასე რომ, ევროპაში თამაშისას დიდი მოტივაცია მქონდა და ვიცოდი, რომ NBA-ში მოხვედრა რეალობას არ სცილდებოდა.
მას მერე დიდი ხანი გავიდა და ბოლო წლებში ამ ლიგაში ერთი ქართველი ვიყავი. საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ბრუკლინში" თორნიკე შენგელია ჩაირიცხა.
შესანიშნავად მესმის მისი, ვიცი, რას გრძნობს, რადგან მეც მასავით ახალგაზრდა მოვხვდი NBA-ში.
- შენგელიასთან დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებს?
- თორნიკე იმ პერიოდიდან მახსოვს, ძალიან პატარა რომ იყო. მას ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ, ჩემი უმცროსი ძმაა და მისი წარმატება ძალიან მიხარია.
წარმატებული კი ნამდვილად არის - 21 წლისაა და უკვე NBA-შია. დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს.
მასზე თამამად ლაპარაკის უფლებას თოკოს ხასიათი მაძლევს - ძალიან შრომისმოყვარეა.
- რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს შენგელიამ "ბრუკლინ ნეთსს"?
- მას შეუძლია მოედანზე ენერგიის, სანახაობრიობის შეტანა. თორნიკე ბუნებრივადაც ძლიერია. მამას ჰგავს, რომელსაც ასევე დიდი ხანია, ვიცნობ.
ისიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი იყო, 211 სმ სიმაღლის ცენტრი... რაც შეეხება თოკოს, მას შეუძლია ოთხ პოზიციაზე თამაში - გამთამაშებლიდან დაწყებული, მძიმე ფორვარდით დამთავრებული.
ეს ყურმოკვრით ან ტელევიზიიდან კი არ ვიცი, საკუთარი თვალით არაერთხელ მაქვს ნანახი.
შენგელიასთან ერთად ყოველ ზაფხულს საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. ისიც ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ იგი ახალგაზრდაა და სკუთარი თამაშის გაუმჯობესება კიდევ სჭირდება.
NBA-ში თამაშის მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს და ბევრი იმუშაოს ტყორცნაზე. მალე თავადაც დარწმუნდებით, რომ ნიჭიერი, ძლიერი კალათბურთელია.
- მიმდინარე სეზონის წინ "ატლანტადან" "ბრუკლინში" ჯო ჯონსონი გადავიდა. იგი ჯორჯიელთა ლიდერი იყო. რა შეცვალეთ ჯონსონის წასვლის შემდეგ და რამდენად იოლია მის გარეშე თამაში?
- მე და ჯომ ერთდროულად გავაფორმეთ კონტრაქტი "ატლანტასთან". 2005 წლიდან 2012-მდე ერთმანეთის გვერდით ვთამაშობდით.
დროის ამ მონაკვეთში ჩვენი კარიერა საინტერესოდ წარიმართა: ჯერ იყო პლეი ოფში მოხვედრის სიხარული, შემდეგ - პლეი ოფის მეორე ეტაპზე გასვლა... დიდებული წლები გვქონდა.
ჯომ "ჰოქსს" ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. ზუსტად არ ვიცი, რამდენი, მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრი გადამწყვეტი ტყორცნა შეასრულა.
ჯონსონის გარეშე თამაში მართლაც ძნელია, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ.
მიმდინარე სეზონის წინ არაერთი ახალი კალათბურთელი დაგვემატა. შესანიშნავი მოთამაშეები არიან... "ატლანტა" ერთი დიდი ოჯახივითაა, გვყავს კარგი მსროლელები, სწრაფი, ათლეტური კალათბურთელები.
ასე რომ, "ჰოქსი" ძველებურად კარგი გუნდია. ბოლო მატჩებში წაგება წაგებას მიება, რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება და იმედია, ისევე შედეგიანად ვითამაშებთ, როგორც სეზონის დასაწყისში.
- 2005 წლიდან ატლანტაში ცხოვრობ და თამაშობ. ყველაზე მეტად რა მოგწონს ქალაქში და კერძოდ, გუნდში?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო სახელების საინტერესო დამთხვევა: ევროპული "ჯორჯიიდან" ამერიკულ ჯორჯიაში (შტატის სახელწოდება) გადმოვედი.
ძალიან მომწონს ატლანტა, როგორც ქალაქი. ჩვენს გუნდს შესანიშნავი ფანები ჰყავს, მათ სიყვარულს თამაშებისას ვგრძნობთ.
ატლანტაში ბინა მაქვს, დიდი ხანია, ვცხოვრობ და არაერთხელ მითქვამს - ეს ქალაქი ჩემი სახლია.
აქაურობას ძალიან მივეჩვიე. ცხადია, გუნდზე ასე დადებითად იმიტომაც ვლაპარაკობ, რომ ორგანიზაცია შესანიშნავია, ხელმძღვანელობაც კარგი გვყავს და "ატლანტაში" ყოფნა ყველას სიამოვნებს.
არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა ამ ზაფხულს გუნდთან კონტრაქტის ვადა ამომეწურება და თავისუფალი აგენტი გავხდები. ვნახოთ, რა როგორ შეიცვლება.
- მეცხრე წელია, "ატლანტას" ღირსებას იცავ და, ალბათ, დიდია ალბათობა, რომ გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმო.
- არ ვიცი, ამ საკითხზე არ ვფიქრობ. არც ვნერვიულობ. მხოლოდ მატჩებზე ვზრუნავ, ვცდილობ, თამაშით ვისიამოვნო.
განსაკუთრებული გრძნობაა, როცა "ჰოქსი" შეხვედრებს იგებს და წვლილი შენც შეგაქვს. კიდევ უფრო სასიამოვნოა პლეი ოფის ატმოსფეროს შეგრძნება.
რაც უნდა ძლიერი გუნდი გყავდეს, პლეი ოფში არავინ იცის, როდის დაემშვიდობები ასპარეზობას და უქმად ერთი წამიც არ უნდა დაკარგო.
თავისუფალი აგენტის სტატუსს პირველად რომ ვღებულობდე, შესაძლოა, უკვე ვღელავდე, მაგრამ ამ ზაფხულს ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მესამედ გავხდები თავისუფალი და მშვიდად ვარ. NBA-ში 2003 წლიდან ვთამაშობ, გუნდებიც მიცნობენ და ყველამ იცის, რაც შემიძლია.
- კიდევ რა მიზნები გაქვს?
- მინდა კარიერის საუკეთესო სეზონი წინ იყოს. დრო სწრაფად გარბის და თითოეული კალათბურთელი უნდა ცდილობდეს, რომ ყოველი წელი წინაზე უკეთესი გამოუვიდეს, რადგან არ იცი, მომავალ სეზონში როგორ გუნდში მოხვდები, ითამაშებ თუ არა პლეი ოფში... ასე რომ, კარიერაში თითოეული შანსი ბოლომდე უნდა გამოიყენო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"