თორნიკე შენგელია: ძალიან ძნელია, როცა თამაში გინდა და არ გათამაშებენ....

AutoSharing Option
იქნებ ახლა მაინც შეხედოს "ბრუკლინ ნეთსის" მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას სხვა თვალით: საქართველოს ნაკრების 21 წლის კალათბურთელმა გასულ კვირას NBA-ს განვითარების ლიგაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სათამაშო დროს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც იმსახურებს.

D ლიგა (Development league - ავტ.), ანუ განვითარების ლიგა, ერთგვარი "დუბლების" ჩემპიონატია, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდა კალათბურთელები ან ის მოთამაშეები თამაშობენ, ვინც NBA-ს კლუბების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

სწორედ განვითარების ლიგის კლუბ "სპრინგფილდში" გაიბრწყინა ქართველმა კალათბურთელმა: სპრინგფილდელებმა Red Claws-ს ("წითელი კლანჭები") მოუგეს 123:115,
"ბრუკლინის" მწვრთნელზე გაბრაზებულმა შენგელიამ კი "კლანჭები" თავადაც გამოაჩინა და მატჩი 39 ქულით, 18 მოხსნით, 6 პასითა და 3 ჩაჭრით დაასრულა!

აღსანიშნავია, რომ "სპრინგფილდის" არსებობის ისტორიაში, ერთ მატჩში 39 ქულა მანამდე არავის ჩაუგდია. ეს მაჩვენებელი სარეკორდოა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშის - თორნიკე შენგელიასთვისაც, რომელსაც ნიუ-იორკში შევეხმიანეთ.

- რა დონის არის D ლიგა? Red Claws-თან ისე ითამაშე, ან ეგ ლიგაა ძალიან სუსტი, ან შენ ხარ ზედმეტად ძლიერი ასეთი დონისთვის.
- საკმაოდ კარგი ლიგაა და ბევრი ძლიერი კალათბურთელიც თამაშობს - NBA-ს ამჟამინდელი მოთამაშეები, რომლებიც მიზეზთა გამო მოხვდნენ იქ; ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელები და ა.შ.

ასე რომ, ადვილი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როცა იციან, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობ, შენს წინააღმდეგ ყველა გაცილებით მეტი მოტივაციით თამაშობს.

- 21 წლის ხარ, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაშიც სულ რამდენიმე თვეა, ჩაირიცხე, მაგრამ... როგორ ფიქრობ, "ბრუკლინის" მწვრთნელი რატომ არ გენდობა, 5-10 წუთს მაინც არ იმსახურებ?
- ამ თემაზე მწვრთნელთან ნამდვილად არ მილაპარაკია. არც მიკვირს, ახალი გუნდია, მწვრთნელიც ახალია და ზეწოლის ქვეშ არის - კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ფული დახარჯა და, ბუნებრივია, შედეგსაც ელიან. ალბათ, ამიტომაც ვერ რისკავს და აქცენტს ახალგაზრდებზე კი არა, გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებს.

- არჩევანის წინაშე რომ დადგე, რას აირჩევდი - "ნეთსში" ვარჯიში და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა გირჩევნია თუ D ლიგაში რეგულარულად თამაში?
- სათადარიგოთა სკამზე ყურყუტი ვის მოსწონს... წესით, ჩემთვის მისაღები უნდა იყოს, თუ "სპრინგფილდში" რამდენიმე დღით სათამაშოდ გამიშვებენ ხოლმე. იდეალური იქნებოდა, ვარჯიშიც და თამაშიც "ბრუკლინში" მიწევდეს, მაგრამ... ამერიკაში ყოფნისას მივხვდი, რომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ძლიერი იყავი, ან გინდა, რომ იყო, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო.

NBA-ში ისეთი მჭიდრო გრაფიკია, მატჩებს შორის ვარჯიშები, ფაქტობრივად, არ იმართება, - ყოველ შემთხვევაში, 45-წუთიან მსუბუქ წვრთნას მე ვარჯიშს ვერ დავარქმევ. ჰოდა, თუ არც ვარჯიშობ და არც თამაში გიწევს, გაცილებით მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.

- როცა ვარჯიშობ და არ თამაშობ, ძნელია, მოტივაცია არ დაკარგო.
- "ნეთსში" ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ დიდხანს თამაში არ მომიწევდა, - ბრუკლინელებს ჩემს პოზიციაზე ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ. მაგრამ მოვლენებს რაგინდ ობიექტურადაც უნდა აფასებდე, მაინც ძალიან ძნელია, როცა თამაში გინდა და არ გათამაშებენ...

თუმცა, თუ დამიჯერებთ, გული არ გამიტეხია და ეს ვითარება მოტივაციას უფრო მმატებს.

- "შიგნიდან" დანახული NBA ზუსტად ისეთია, როგორსაც ელოდი?
- შეიძლება ითქვას, როგორი წარმოდგენაც მქონდა, ისეთი დამხვდა... აშშ-ში ჩამოსვლამდე აქაურობაზე ზაზაც ბევრს მიყვებოდა, NBA-ში ნათამაშებ სხვა კალათბურთელებთანაც მისაუბრია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, აქაურობა წინასწარ შევისწავლე და ბევრს არც არაფერს გავუკვირვებივარ. აქ ძალიან სწრაფი, ათლეტური კალათბურთია, ყველა კლუბს უძლიერესი მოთამაშეები ჰყავს და მათგან ბევრ რამეს სწავლობ.

- მეხუთე თვეა, აშშ-ში ხარ... ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?
- ყველაზე მძაფრ ემოციას ჯერაც კალათბურთისგან ვიღებ. სიმართლე გითხრათ, სხვა რაღაცებზე არც გამიკეთებია აქცენტი. ნიუ-იორკში სანახავი ძალიან ბევრია, გასვლითი მატჩების დროს კი თანაგუნდელებს ვეკითხები ხოლმე, რა არის საინტერესო ამა თუ იმ ქალაქში და ვცდილობ, ყველა ღირსშესანიშნაობა დავათვალიერო.

- თანაგუნდელთაგან ვის დაუმეგობრდი?
- ყველაზე ახლოს ბოსნიელ მირზა ტელეტოვიჩთან ვარ - ევროპელები ვართ, თანაც, ერთმანეთს 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპიდან ვიცნობთ. ჩინებული ყმაწვილია "სპრინგფილდში" ჩემთან ერთად განათხოვრებული ტაიშონ ტეილორიც. საერთოდაც, ნამდვილად არ მეგონა, "ბრუკლინი" ასეთი მეგობრული გუნდი თუ იქნებოდა, - დერონ უილიამსი და სხვა ვარსკვლავებიც კი ძალიან უშუალო ხალხია.

- უკვე ცნობილია, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასპინძელი სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი იქნებიან.
- ძალიან საინტერესო ქვეჯგუფში მოვხვდით და სანახაობრივი და დაძაბული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ ბრძოლა ყველა მეტოქესთან შეგვიძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსიც გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ყოველდღიური გაზეთი
"კვირის პალიტრა"
რატი შელეგია

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია ტრავმირებულია
თორნიკე შენგელიამ D-ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
ამერიკელები შენგელიაზე: ყურადღებით დააკვირდით, მოედანზეა NBA-ს მომავალი ვარსკვლავი
თორნიკე შენგელიას სარეკორდო მაჩვენებელი D ლიგაში [VIDEO]
Time Line: აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?
http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/44863-thornike-shengelia-travmirebulia.html
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემო თორნიკე რეგულარულად ვადევნებ თვალს შენს თამაშებს,მაგრამ ნუ გეწყინება და გეტყვი,რომ ჯერჯერობით არაფერი გამოგდის, რატომ?-მე ვერ ვხვდები.ვერცერთი შანსი,რაც მოგცეს ვერ გამოიყენე.ითამაშე თავისუფლად დაძაბულობის გარეშე და შედეგი აუცილებლად მოვა.
roma
00:36 30-01-2013
0
თოკო მიდი ბოლომდე გამოავლინე შენი ნიჭი და დაიმკვიდრე შენი ადგილი NBA ს ისტორიაში ))
irakli
23:13 29-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული