შერმადინის ოლიმპიას დიდი გამარჯვება

AutoSharing Option
"ოლიმპიას" დიდი გამარჯვება! - ასე დაასრულა იტალიელმა ტელეკომენტატორმა "არმანისა" და "ოლიმპიას" მატჩის მიმოხილვა. გიორგი შერმადინის გუნდმა მოსკოვში ცსკა-ს მძლეველ "არმანის" მილანში 76:72 მოუგო. ორი ტურის შემდეგ ოლიმპიელებს ამდენივე გამარჯვება აქვთ და ჯგუფის ლიდერები არიან.

დამაჯერებლად ითამაშა შერმადინმაც, რომელმაც 14:40 წუთში 2 ქულა (ერთი ორქულიანი ისროლა), 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩი საინტერესო სანახავი გამოდგა. მილანელები სლოვენიელთა მტკიცე დაცვის გარღვევას ამერიკელთა ინდივიდუალიზმით ცდილობდნენ. ოკეანისგაღმელები სამქულიანებითაც გამოირჩნენ
და შედეგიანი დრიბლინგებითაც. საბოლოოდ "არმანის" ბომბარდირთა სამეული ჰოუკინსმა (11 ქულა), ფინლიმ (12) და ჯაბერმა შეადგინეს. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძლები 46:32 დაწინაურდნენ. სხვათა შორის, "არმანი" მას შემდეგ გაიქცა, რაც გიორგი შერმადინი მოედნიდან გავიდა. მატჩის 27-ე წუთზე, ანგარიშზე 54:47 (არმანის სასარგებლოდ) მოედანზე გიორგი დაბრუნდა და შესვლისთანავე ეფექტური პასი შეასრულა. ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ ქართველმა ცენტრმა დაცვაში ნაყოფიერად იმუშავა, როცა იგი მოედანზე იყო, მასპინძლებს ახლო დისტანციიდან ქულების მოგროვება ძალიან უჭირდათ. მილანელებს ბოლო პერიოდში აღარც სამქულიანი ტყორცნები "წაუვიდათ" და გორან იაგოდნიკის ზუსტი თამაშის წყალობით "ოლიმპია" მალე დაწინაურდა.

სირენამდე 6 წუთით ადრე სლოვენიელები 64:61-ს იგებდნენ. სწორედ ამ დროს შერმადინს სხვაობის 5 ქულამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ ფარქვეშ მარტოდ დარჩენილ ქართველზე იტალიელები უხეშად დაჯარიმდნენ. გიორგიმ ორივე საჯარიმო ააცილა. შეიძლება ამის გამო, შეიძლება იმ მოსაზრებით, რომ ბოლო წუთებზე "ოლიმპიას" შედარებით გამოცდილი ხუთეული სჭირდებოდა, მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა შერმადინი სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა.

მატჩის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა მილანელმა დევიდ ჰოუკინსმა ორქულიანით თანაგუნდელები 71:70 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში საშა ოზბოლტმა ორი საჯარიმო გამოიყენა... დარჩენილ დროში, დიდი მცდელობის მიუხედავად "არმანიმ" მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო. "ოლიმპიამ" 76:72 გაიმარჯვა.

ევროლიგის მესამე ტურში, 4 ნოემბერს სლოვენიელები "პანათინაიკოსს" უმასპინძლებენ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული