ქუთაისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ "ყველა ვარსკვლავის მატჩს" ბევრი გულშემატკივარი დაესწრო, დარბაზი გადაჭედილი იყო.
შეხვედრის სანახავად მისულთ არც უნანიათ, სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელებმა მართლაც ლამაზი სანახაობა შესთავაზეს და გულშემატკივრები დადებითი ემოციებით დამუხტეს.
შოუმენი ქარიმი
ასეთ მატჩებში წინა პლანზე სანახაობრივი მხარე დგას, შედეგი კი მეორეხარისხოვანია და გუნდები ლაღი, გახსნილი თამაშით ცდილობენ წარმატების მიღწევას.
ამ მხრივ, ქუთაისური "ოლ სტარიც" არ იყო გამონაკლისი. შეხვედრა ქართველი კალათბურთელების აქტიურობით
ბექა ჩიკვილაძის, თეიმურაზ ბაბუნაშვილისა და ლევან ფაცაციას შედეგიანი სროლების შედეგად "ადგილობრივები" 7:0 დაწინაურდნენ.
რიჩარდ მათიაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ კი ქართველები 8 ქულითაც დაწინაურდნენ (10:2), მაგრამ მათი წინსვლაც აქ დასრულდა, ლეგიონერებმა უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს - 13:13.
პირველ მეოთხედში ადგილობრივებიდან საუკეთესო მათიაშვილი გახლდათ, ლეგიონერებიდან კი ყველაზე მეტი ქულა (8) ბენ რეიმონდმა მოაგროვა, თუმცა ლამაზი და ეფექტური თამაშით "რუსთავისა" და "დინამოს" ლეგიონერები: ნეით ბოუი და ლამარ ქარიმი გამოირჩეოდნენ.
განსაკუთრებით, შოუმენის ნიჭი ქარიმს აღმოაჩნდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში "ცუღლუტობდა" და გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა.
ერთ ეპიზოდში ქარიმი მწვრთნელსა და მსაჯებს მოედანზეც შეეპარა და ლეგიონერები ცოტა ხნით ქართველებს ექვსი კაცით უტევდნენ...
მეორე მეოთხედში უცხოელებმა ბოლომდე გაილაღეს და დიდ შესვენებამდე წინ 25 ქულით (71:44) გავიდნენ.
ლეგიონერებს განსაკუთრებით სამქულიანი სროლები წაუვიდათ. ნელსონი, ბოუი და რეიმონდი პერიმეტრიდან ბრწყინვალედ ისროდნენ, მილოშევიჩი და ოლუიჩი კი ფარქვეშ აქტიურობდნენ.
მესამე პერიოდში ქართველებმა თამაში გამოასწორეს. ბაბუნაშვილის, ჩიკვილაძისა და მათიაშვილის კარგი თამაშის წყალობით ანგარიში 8 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ გეორგიოს კეცელიდისის მიერ დამოძღვრილმა ლეგიონერებმა ადგილობრივებს მეტის საშუალება არ მისცეს, შესანიშნავი შეტევების შემდეგ ისინი 16 ქულით დაწინაურდნენ (97:81).
ამ პერიოდში გულშემატკივრებმა ორივე გუნდის კალათბურთელების შესრულებით არაერთი ეფექტური ჩატენვა იხილა, ქარიმი კი "ოინბაზობას" კვლავ განაგრძობდა. "დინამოს" ლეგიონერი ერთ-ერთი შეტევისას ბურთს დააჯდა და ასეთ მდგომარეობაში კარგა ხანს დარჩა. ამ ეპიზოდით კალათბურთელებმაც და მაყურებლებმაც ბევრი იხალისეს.
საინტერესო იყო ისიც, რომ მესამე პერიოდის ბოლოს გეორგიოს კეცელიდისმა მოედანზე მხოლოდ ტანდაბალი კალათბურთელები დატოვა. სამაგიეროდ, დასკვნით მეოთხედში მხოლოდ მაღლები ათამაშა და ამან ქომაგებიც გვარიანად გაამხიარულა.
ქართველები ანგარიშის შემცირებას ცდილობდნენ და ერთხანს ექვსი კალათბურთელითაც თამაშობდნენ, მაგრამ უცხოელები მათ ანგარიშის შემცირების საშუალებასაც არ აძლევდნენ.
ქართველთაგან ყველაზე მეტს გიგა კვეტენაძე აქტიურობდა, რომელმაც რამდენიმე შეტევა ეფექტური ჩატენვით დააგვირგვინა, თუმცა ამან მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. საბოლოოდ, შეხვედრა ლეგიონერების სასარგებლოდ - 122:108 დასრულდა.
მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე 26 ქულით ბენჟამინ რეიმონდი გახდა, 16 ქულა და 9 პასი მიითვალა ნეით ბოუიმ, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი კაილ ნელსონმა შეასრულა (14 ქულა, 11 მოხსნა.)
ქართველთაგან ბომბარდირი 24 ქულით გიგი ბარბაქაძე გახდა, 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა რიჩარდ მათიაშვილმა.
მოგეხსენებათ, ორივე მათგანი ქუთაისური გუნდის წევრია და ადგილობრივი გულშემატკივრებისგან განსაკუთრებული ქომაგობა სწორედ მათ მიმართ იგრძნობოდა.
ბარბაქაძისა და მათიაშვილის გარდა, ქართველთაგან ნაყოფიერად გაისარჯა ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.
სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი
ადგილობრივები-ლეგიონერები 108:122
ადგ 23 21 37 27
ლეგ 34 37 26 25
ადგილობრივები წთ მ პ შ ჩ დ ქ
ბაქრაძე 19 3 9 1 3 0 4
ტომარაძე 9 2 3 0 1 0 3
ბაბუნაშვილი 17 2 5 0 1 0 9
კვეტენაძე 14 2 0 0 1 1 10
ბოქოლიშვილი 13 0 1 0 0 0 7
კეშელავა 15 1 1 1 0 0 7
ფაცაცია 16 6 2 2 3 0 9
გ. ბარბაქაძე 24 5 0 1 1 0 24
ჩიკვილაძე 21 6 3 2 1 0 16
დვალიშვილი 22 5 4 2 1 1 8
მათიაშვილი 20 8 4 1 1 1 18
რამიშვილი 11 1 0 1 0 0 0
ლეგიონერები წთ მ პ შ ჩ დ ქ
ბოუი 24 2 9 4 3 0 16
ვონი 20 3 7 2 0 0 6
რეიმონდი 20 8 2 0 0 0 26
ნელსონი 25 11 3 2 0 0 14
პრევიტი 10 0 0 0 0 0 2
ქარიმი 17 1 8 3 2 0 12
სტოიაკოვიჩი 12 3 0 1 1 0 2
კარტერი 23 1 0 2 2 0 15
ოლუიჩი 15 9 4 0 0 0 10
კლაიმენი 16 4 3 1 0 0 5
მილოშევიჩი 19 9 1 1 0 1 14
ბარბაქაძე-სნაიპერი
საინტერესოდ წარიმართა სამქულიანების კონკურსი, რომელშიც ხუთმა "სნაიპერმა" მიიღო მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე ყველას "ოლიმპის" წევრმა კოკა ტომარაძემ აჯობა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.
მასთან ერთად ფინალში 17-17 ქულით ბუბა კვიმსაძე და გიგი ბარბაქაძე გავიდნენ. ადგილობრივი ქომაგის ერთ-ერთმა ფავორიტმა კვიმსაძემ ფინალში მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, ბარბაქაძემ კი 19 ქულა ჩააგდო და სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება ტომარაძეს, მან ფინალშიც 18 ქულა დააგროვა...
ვონს გადაახტა, ჯინჭარაძეს - ვერა
სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ გიგი ბარბაქაძეს წინა "ოლ სტარებზე" ჩატენვების კონკურსიც აქვს მოგებული და ახლაც რომ მიეღო მონაწილეობა, ალბათ, აქაც მთავარი ფავორიტი იქნებოდა.
დასამახსოვრებელი და სახალისო ეპიზოდები აქაც მრავლად იყო, თუნდაც ის ეპიზოდი, როცა აკაკი დვალიშვილის ჩატენვის მცდელობა საკალათბურთო ფარის დაკეცვით დასრულდა და მის გასასწორებლად დარბაზში სპორტის სასახლის პერსონალის შეყვანა გახდა საჭირო...
ფინალში ერთმანეთს სოხუმელი კახა ჯინჭარაძე და შსს-ელი მერაბ ბოქოლიშვილი დაუპირისპირდნენ. პირველი მცდელობები ორივე მათგანს გაუცუდდა და გამარჯვებული დამატებით დაპირისპირებაში გამოვლინდა.
ჯინჭარაძემ იატაკიდან ასხლეტილი ბურთი ზედ ფართან დაიჭირა და კალათში მოხდენილად ჩატენა.
ბოქოლიშვილმაც არანაკლებ ლამაზი ილეთი შეასრულა. იგი საკუთარ თანაგუნდელს, დენოტა ვონს გადაახტა და ბურთი კალათში ასე მოათავსა.
გულშემატკივრების ემოციებით თუ ვიმსჯელებთ, ბოქოლიშვილის მიერ განხორციელებული ჩატენვა უფრო მოეწონათ, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული კახა ჯინჭარაძე გახდა.
გიორგი ბარბაქაძე: "ქუთაისმა უკვე მესამედ უმასპინძლა "ოლ სტარს" და სპორტის სასახლეში ამჯერადაც სრული ანშლაგი იყო. მიხარია, რომ სამქულიანების კონკურსში გავიმარჯვე და ჩემს კოლექციას კიდევ ერთი პრიზი შევმატე."
ბენჟამინ რეიმონდი: "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამაშის ორგანიზატორებს, შესანიშნავი სანახაობა გამოვიდა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებსაც, რომლებიც დროული პასებით მამარაგებდნენ და სწორედ მათი დახმარებით გავხდი MVP."
კახა ჯინჭარაძე: "დღეს "ოლ სტარში" დებიუტი მქონდა და მოგება ძალიან გამიხარდა. შესანიშნავი სანახაობა იყო და დარწმუნებული ვარ, მაყურებელმაც იხალისა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"