ისევე, როგორც მკითხველს, ჩვენც დავინტერესდით მოვლენების შემდგომი განვითარებით. აი, რა გვითხრა უკრაინიდან დაბრუნებულმა ნუგზარ კანდელაკმა:
- ქართველმა აგენტმა ლევან მიქელაძემ მომაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ხიმიკის" ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ეძებდა. კლუბს ხორვატი სპეციალისტი ზორან კალიჩი წვრთნიდა, თუმცა "ხიმიკი" ბოლო ადგილზე იყო და მწვრთნელის გადადგომის მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო. ლევანმა უკრაინელებს ჩემი კანდიდატურა შესთავაზა.
- მოლაპარაკებები როგორ
- შევხვდი "ხიმიკის" ხელმძღავნელობას, გავანდე მდგომარეობის გამოსწორების ჩემეული გზა. კლუბის პრეზიდენტთან ყველაფერზე შევთანხმდით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მფლობელს უნდა მიეღო. ამასობაში უკრაინულ საიტებზე დაიწერა, "ხიმიკის" მწვრთნელობის კანდიდატი ნუგზარ კანდელაკიაო. მაშინ, როცა საქმე გადაწყვეტილი გვეგონა, გუნდის მფლობელმა კალიჩის ასისტენტის დაწინაურება გადაწყვიტა და მთავარ მწვრთნელად ის დანიშნა.
- რა იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?
- არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
- უკრაინაში იქაური ჩემპიონატის მატჩები თუ ნახეთ?
- "ხიმიკის" მონაწილეობით ორ თამაშს დავესწარი, "გალიჩინთან" და "აზოვმაშთან".
- ყოველთვის მაინტერესებდა ერთი საკითხი: უკრაინელებს ლეგიონერები რომ არ ჰყავდეთ, ჩვენზე უკეთესი ჩემპიონატი ექნებათ?
- მაგალითად, "ხიმიკში" უკრაინელები ამერიკელებს ბევრად არ ჩამოუვარდებოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ გუნდში მაღალი კლასის ლეგიონერები არ თამაშობდნენ. წამყვან უკრაინულ გუნდებში კი ექსტრა-კლასის ლეგიონერები არიან, რომლებიც ცხადია, ადგილობრივებს ერთი თავით აღემატებიან. უკრაინის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებში 5-6 ლეგიონერია. საქართველოს ჩემპიონატშიც რომ იყვნენ ამ რაოდენობისა და სიძლიერის უცხოელები, გაცილებით უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა.
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ ახალგაზრდულ "მართვეს" დაუბრუნდით?
- გუნდთან ერთად საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ვემზადები. პერსპექტიული შემადგენლობა გვყავს შეკრებილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კალათბურთელთა უმეტესობა ხათუნა გაბედავას აღზრდილია.
- "მართვეში" საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრების წევრები ხომ არ არიან?
- ამ სეზონის წინ გუნდში ჩაირიცხნენ 16-წლამდელთა ნაკრების წევრები ვალერი კვანტალიანი, დავით ხეთაგური და ბექა ნადირაძე. ისინი ახალი მისულები იყვნენ, როცა გუნდი ჩავიბარე. ვფიქრობ, საინტერესო შემადგენლობაა შეკრებილი და ჭაბუკთა ჩემპიონატზე ღირსეულადაც ვითამაშებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"