ცინცაძემ საკუთარ თავზე აიღო

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატში "ტარტუ როკმა" უშუალო კონკურენტ "კალევს" უმასპინძლა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ტაბლოზე ანგარიში თანაბარი იყო - 70:70. გადამწყვეტი შეტევა საკუთარ თავზე "როკის" ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ აიღო და მეტოქეებს წესების დარღვევა აიძულა. "ბუმ" ჯარიმების ტყორცნის უფლება მიიღო, ერთი ჩააგდო და თანაგუნდელები 71:70 დააწინაურა...

გავიდა რამდენიმე წამი და ინტერნეტში დაიწერა: 72:71 - "კალევის" სასარგებლოდ. ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ უნდა მოეხერხებინათ ტალინელებს 2 წამში ორქულიანის ჩაგდება... საბედნიეროდ, "ინტერნეტ-ქრონომეტრმა" აურია და "კალევს" ორი ქულა არასწორად მიათვალა.

ასე რომ, "ტარტუმ" ესტონეთის ჩემპიონატის
უპირველესი კონკურენტი 71:70 დაამარცხა. საინტერესო იყო შეხვედრის მსვლელობა. "როკს" ბოლო წლებში ერთი თავისებურება გამოარჩევს - თამაშების უმეტესობას მაღალ ტემპში იწყებს და პირველ პერიოდსაც დიდი სხვაობით იგებს. ტრადიცია არც "კალევთან" მატჩში დარღვეულა - საწყის 10 წუთში მასპინძლებმა 23:13 მოიგეს. ცინცაძის თანაგუნდელები 10-ქულიან უპირატესობას მეოთხე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა ერთ მომენტში "ჩასთვლიმათ" და "კალევმა" სხვაობა სამამდე შეამცირა - 60:63. სწორედ ამ ეპიზოდში თანაგუნდელთა გამოფხიზლება გიორგიმ გადაწყვიტა, შორი მანძილიდან სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და 66:60. ცინცაძე ამაზე არ შეჩერებულა - სირენამდე 47 წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ ერთი საჯარიმო გამოიყენა და "როკს" ხუთქულიანი ჰანდიკაპი შეუნარჩუნა (69:64). ბოლო წამებზე კალეველებმა შეუძლებელი შეძლეს - ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა სირენამდე 2 წამით ადრე გადამწყვეტი საჯარიმო ვინ ჩააგდო, უკვე გითხარით.

გიორგი ცინცაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 22 წუთი ითამაშა და 10 ქულას (3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 8-დან 5 საჯარიმო) 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა. ტარტუელთაგან მასზე მეტი მხოლოდ ეზიუკვუმ (16) და აალინგუმ (12) ჩააგდეს.

"როკი" ესტონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 5 მოგება და 1 წაგება აქვს. "კალევმა" ორით მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო - 7 მოგება, 1 მარცხი.

P.S. გუშინ ღამით "როკმა" ესტონეთის პირველობაზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ცინცაძის თანაგუნდელებმა სტუმრად "ვორუ" გაანადგურეს - 111:54.

საინტერესოა, რომ "როკერებს" 57-ქულიანი გამარჯვებისთვის ლიდერები არ დასჭირვებიათ. მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ "კალევთან" მატჩში გადაღლილი ცინცაძე, კალისტას ეზიუკვუ და იანარ ტალტსი დაასვენა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული