რეალურად კი ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა. ამიტომაცაა ანგარიში 1:1 და დღესაც გავიმეორებ, რომ დიდი ალბათობით, ჩემპიონის გამოვლენას ხუთი მატჩი დასჭირდება", - აღნიშნა "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა, რომელიც პირველი მატჩის შემდეგ რთულ სიტუაციაში იყო.
სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა, 0:1 ჩამორჩენის შემდეგ, მეორე შეხვედრაში წაგება, ფაქტობრივად, "შსს აკადემიას" ჩემპიონობას ნიშნავდა - საერთოდ, ძნელი წარმოსადგენია 0:2-ის 3:2-ად გადაქცევა.
"ოლიმპის" მწვრთნელს, პირველ რიგში,
თავის მხრივ, უკეთეს პოზიციაში იყო აკადემიელთა თავკაცი გეორგიოს კეცელიდისი, რომელმაც სერიის პირველ მატჩში დაინახა, რომ მის გუნდს ფარქვეშ უპირატესობის მოპოვებაც შეუძლია და აუღელვებელი თამაშით გამარჯვების მოპოვებაც. ასე რომ, შესაცვლელი თუ ვინმეს რამე ჰქონდა, ეს ოლიმპელები იყვნენ.
ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, პირველი ფინალისგან განსხვავებით, აკაკი დვალიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ლიტველი მარტინას ანდრიუკაიტისი ჩაანაცვლა.
მწვრთნელებს პირველ შეხვედრაში იმედი ჰქონდათ, რომ მარტინასი ფარქვეშ სტევან მილოშევიჩს დაეხმარებოდა, ხოლო პერიმეტრიდან უკანახაზელებს ერთ-ორ სამქულიანს შეაშველებდა.
იმედი არ გამართლდა. ამიტომ მეორე მატჩში, როგორც ვთქვით, იგი დვალიშვილმა შეცვალა. ამ სვლით უმთავრესად "ოლიმპის" სამწამიანი ზონის გამაგრება იგეგმებოდა.
აკაკიმ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ენერგიული თამაშით დიდი დახმარება გაუწია თანაგუნდელებს.
ასევე სასარგებლო იყო ცენტრი მილოშევიჩი და მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ასცდა 10 ქულას, არ მოვერიდებით იმის დაწერას, რომ "ოლიმპის" გამარჯვებაში მთავარი წვლილი მათ მიუძღვით.
თავად განსაჯეთ: სამწამიან ზონას იმდენად კარგად აკონტროლებდნენ, რომ საბოლოოდ ამ ადგილიდან შსს-მ მხოლოდ 22 ქულა ჩააგდო. თავის მხრივ, მილოშევიჩი და დვალიშვილი შეტევაში თანაგუნდელებს სათანადოდ უწყობდნენ ხელს და სწორედ ამიტომ "ოლიმპმა" ფარქვეშიდან 50 ქულა მიითვალა.
საბოლოოდ გამარჯვებულთა საქმე იმანაც გააიოლა, რომ ნაადრევად დაიტვირთა ჯარიმებით შსს-ს ცენტრი კირკ არჩიბეკი, რომელმაც საბოლოოდ 4 ფოლით დაასრულა შეხვედრა. ასევე ოთხი ჯარიმა მიიღო ჩად პრევიტმა, ხოლო კიდევ ერთ ტანმაღალს, ილია ლონდარიძეს 3 ფოლი ჰქონდა. საუკეთესო შსს-ელი ბენჟამინ რეიმონდი იყო, რომლის ანგარიშზე 21 ქულაა.
"ოლიმპში" კი უკანახაზელებმა იკისრეს ბომბარდირობა. სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრები ჩაატარა სამმა კალათბურთელმა: ესტონელმა სტენ სოკმა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო), რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
ამდენივე ქულა ჰქონდა ლევან ფაცაციას, რომელმაც 10 მოხსნაც მიამატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ერთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა შუა შეხვედრისას თქვა - ეს რა ტიპის თამაშია, ერთი ჩატენვაც არ ყოფილაო. სწორედ მაშინ ჩატენა დარენ მურმა. მან ერთი ზემოდან გდება არ იკმარა და საბოლოოდ 15 ქულამდე ავიდა.
სტატისტიკას თუ გადავათვალიერებთ, შევნიშნავთ, რომ "ოლიმპელებმა", წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მეტოქეს მოხსნებში საკმარისად აჯობეს - 43:34. თვალში გვეცემა გამარჯვებულთა მიერ საჯარიმოების ტყორცნის დაბალი მაჩვენებელი - 42.3 (26-დან 11). მეტსაც გეტყვით: პირველ ტაიმში 15-დან მხოლოდ 5 საჯარიმო ჰქონდათ რეალიზებული.
სერიის მესამე შეხვედრა ხუთშაბათს, 18 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება. როგორც სოკმა თქვა - ყველაფერი ნულიდან იწყება.
21 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-შსს აკადემია 86:65
ოლიმპი 25 24 18 19
შსს აკადემია 20 22 13 10
ნამატჩევს
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):
"სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. კარგად გავისარჯეთ დაცვაში, 65 ქულა გავუშვით და ეს "შსს აკადემიას" დონის გუნდთან ძალიან კარგი შედეგია.
საერთოდ, 70-ზე მეტ ქულას თუ არ მივიღებთ, ნებისმიერ თამაშს მოვიგებთ. განვიხილეთ გუშინდელი შეხვედრა, რომელშიც შეცდომა დავუშვით. ვიდეოანალიზის შემდეგ მივხვდით, როგორი დაცვა უნდა გვეთამაშა.
შედეგიც სახეზეა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დავამატებ, რომ ჯარიმების ასეთი დაბალი პროცენტით ტყორცნა დაუშვებელია".
გეორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):
"დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო ვარ. მეოთხე პერიოდი ძალიან ცუდად დავიწყეთ. მოწინააღმდეგემ მშვენივრად იასპარეზა. ვულოცავ გამარჯვებას".
სტენ სოკი (ოლიმპი):
"შსს-ს წინააღმდეგ თამაში არასდროსაა ადვილი, ყოველთვის მცირე სხვაობა ფიქსირდება. გუშინ ზედმეტად ვნერვიულობდით, დღეს კი უფრო მობილიზებულები და მონდომებულები ვიყავით. ძალიან რთული თამაშები გველის და პირველივე წამებიდან მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ".
რეზო როგავა (შსს აკადემია):
"ამ სეზონში ყველაზე ცუდი დაცვა ახლა ვითამაშეთ. არაფერი გამოგვივიდა, შეტევაშიც ვერ გამოვიჩინეთ თავი, მხოლოდ 65 ქულა ჩავაგდეთ. თუმცა ვხვდებით, რომ ფინალში ორი ძლიერი გუნდიდან ის გაიმარჯვებს, რომელიც შეძლებს ცუდი თამაშის შემდეგ სწორ ანალიზს, მომზადებას და უკეთესად ასპარეზობას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"