სუპერ-მარკოიშვილი

AutoSharing Option
გუშინ გამცნეთ, რომ ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ იტალიაში მოასპარეზეთა გუნდებმა გაიმარჯვეს. "კანტუმ" შინ "ტერამო" 80:72 დაამარცხა, ხოლო "ვირტუსმა" "პესაროს" სტუმრად 70:66 სძლია.

***
მანუჩარ მარკოიშვილმა ”კანტუს” წარმატებაში ლომის წილი რომ დაიდო, ამას იტალელი ჟურნალისტებიც აღიარებენ. აი, რა წერია გაზეთ "ოლრაუნდში": "ტერამოელებს რამდენიმეჯერ გაუჩნდათ მატჩის გადარჩენის იმედი, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მათ ერთი კალათბურთელი აჩერებდა - სუპერ-მარკოიშვილი. იგი ხან ერთი კუთხიდან აგდებდა "მკვლელ" სამქულიანებს, ხან - მეორიდან."

ახლა უფრო კონკრეტულად. მანუმ მეორე ორქულიანით პირველი პერიოდის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 21:17. დიდი შესვენების წინ
"კანტუ" 19 ქულით დაწინაურდა (47:28), თუმცა მოედანზე დაბრუნებისთანავე ტერამოელებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს და სხვაობა 14 ქულამდე შეამცირეს. სწორედ ამ დროს მარკოიშვილმა "ბომბა" (ასე უწოდებენ იტალიელები სამქულიანს) ისროლა და 53:36. "ტერამო" "კანტუს" 14 ქულით მეორედაც მიუახლოვდა და ამჯერადაც მანუსგან სამქულიანი მიიღო (58:41). ქართველმა უკანახაზელმა მანამდე არ მოისვენა, სანამ ვიდრე სხვაობა კვლავ 19 ქულამდე არ გაზარდა - 78:59. ეს უკვე გამარჯვების მომასწავებელი იყო, რადგან სირენამდე წუთნახევარი რჩებოდა.

მანუჩარის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 28 წუთი, 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მან 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ნამატჩევს "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ შეგირდებს კომპლიმენტები არ დაამადლა:

- ძალიან დაგვეხმარა მარაცინო, იგი დაცვაშიც შეუდარებელი იყო და შეტევაშიც, ისევე, როგორც ლეუნენი. მარკოიშვილის თითოეული ტყორცნა კი ხელოვნების ნიმუშია.


***
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოიგო. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა - ვირტუსელებმა, კოპონენმა, კემპმა და პოეტამ საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს - 70:66.

სანიკიძემ 20 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

"კანტუ" და "ვირტუსი" იმ ხუთ გუნდს შორის არიან, რომლებსაც 3 მოგების წილ 1 წაგება აქვთ და მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.


***
ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" იტალიის მეორე ლიგაში სტუმრად "ვერონა" დაამარცხა (88:81). ქართველმა ფორვარდმა 2 წუთი ითამაშა. რიმინელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან, 6-დან 5 მატჩი აქვთ მოგებული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული