***
მანუჩარ მარკოიშვილმა ”კანტუს” წარმატებაში ლომის წილი რომ დაიდო, ამას იტალელი ჟურნალისტებიც აღიარებენ. აი, რა წერია გაზეთ "ოლრაუნდში": "ტერამოელებს რამდენიმეჯერ გაუჩნდათ მატჩის გადარჩენის იმედი, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მათ ერთი კალათბურთელი აჩერებდა - სუპერ-მარკოიშვილი. იგი ხან ერთი კუთხიდან აგდებდა "მკვლელ" სამქულიანებს, ხან - მეორიდან."
ახლა უფრო კონკრეტულად. მანუმ მეორე ორქულიანით პირველი პერიოდის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 21:17. დიდი შესვენების წინ
მანუჩარის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 28 წუთი, 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მან 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
ნამატჩევს "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ შეგირდებს კომპლიმენტები არ დაამადლა:
- ძალიან დაგვეხმარა მარაცინო, იგი დაცვაშიც შეუდარებელი იყო და შეტევაშიც, ისევე, როგორც ლეუნენი. მარკოიშვილის თითოეული ტყორცნა კი ხელოვნების ნიმუშია.
***
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოიგო. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა - ვირტუსელებმა, კოპონენმა, კემპმა და პოეტამ საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს - 70:66.
სანიკიძემ 20 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
"კანტუ" და "ვირტუსი" იმ ხუთ გუნდს შორის არიან, რომლებსაც 3 მოგების წილ 1 წაგება აქვთ და მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.
***
ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" იტალიის მეორე ლიგაში სტუმრად "ვერონა" დაამარცხა (88:81). ქართველმა ფორვარდმა 2 წუთი ითამაშა. რიმინელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან, 6-დან 5 მატჩი აქვთ მოგებული.