დუდა სანაძე - ამერიკაში ნაკრებზე ფიქრით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში იგორ კოკოშკოვმა ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელ "სან დიეგოდან" დუდა სანაძე გამოიძახა.

21 წლის ახალგაზრდას გასულ სეზონში ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და ამერიკაში მხოლოდ ვარჯიშობდა.

შესაბამისად, შესაძლოა, ვინმეს ეთქვა კიდეც - როცა ითამაშებს, ნაკრებში მაშინ გამოიძახონო, მაგრამ თბილისში, "აკადემიას" დარბაზში დუდა რომ ვნახე, დავრწმუნდი, რომ გაფართოებულ სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო (12-კაციან განაცხადში მოხვდება თუ არა, მასზეა დამოკიდებული).

იმიტომ, რომ ბოლო ერთ წელიწადში ფიზიკურად ერთიორად მოძლიერებულა და კუნთების ძალის მარაგიც საკმარისად აუღია. ეს მაღალ დონეზე თამაშის მსურველი ნებისმიერი კალათბურთელისთვის
აუცილებელია.

ნაკრების ვარჯიშის შემდეგ დუდას ქართულ-ამერიკულ ამბებზე ველაპარაკე.

- თბილისში ივნისის დასაწყისში ჩამოვედი. კოლეჯების ლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და ვფიქრობ, ნაკრების შეკრებას სათანადო კონდიციებში შევხვდი.

აქაც კარგად ვიტვირთებით. ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერი კალათბურთელისთვის ბევრს ნიშნავს და ამერიკაში ვარჯიშისას ამაზე ფიქრი დამატებით სტიმულს მაძლევდა. ვეცდები, შანსი გამოვიყენო.

- საქართველოდან წასულ ახალგაზრდებს ამერიკულ დატვირთვებთან შეგუება უჭირთ...
- არც ჩემთვის იყო იოლი. საწყისი ორი თვე მართლაც გამიჭირდა, თუმცა შემდეგ შევეგუე და ხალისითაც ვვარჯიშობდი. სასიამოვნოა, როცა შრომის შედეგს თვალსაჩინოდ ხედავ.

- როგორი რეჟიმი გქონდა?
- დილას, გაკვეთილებამდე, ტრენაჟორებთან 2 საათი ვემზადებოდი, შემდეგ სწავლის დრო მოდიოდა, ხოლო საღამოს გუნდთან ერთად ბურთით ვვარჯიშობდი. დარბაზში დარჩენა და ინდივიდუალურად წვრთნა ყოველ საღამოს შემეძლო.

ბევრს ვტყორცნიდი. ძალიან მეხმარებოდა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სროლის შემდეგ ბურთს ავტომატურად გიბრუნებს. თუ ამ დანადგარის გარეშე ორი კალათბურთელი 400 ტყორცნის შესრულებას დაახლოებით ორ საათს ვანდომებდით, მისი დახმარებით 300-400 სროლას ნახევარ საათში ვასწრებდით.

- ერთი სეზონი თამაშების გარეშე გაატარე...
- ამის უფლება არ მქონდა. რთული იყო თანაგუნდელთა გარჯის ტრიბუნებიდან ყურება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: პირველივე სეზონში შესაძლოა გუნდში ადგილის დამკვიდრება გამჭირვებოდა.

ამერიკული და ევროპული კალათბურთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ სწრაფი, ნაკლებად კომბინაციური თამაშია, რომელიც დიდ გამძლეობას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

ევროპაში შედარებით გააზრებულად, პოზიციურად თამაშობენ და ბურთიც ხშირად ჩერდება.

ვფიქრობ, ფიზიკურადაც სათანადოდ მოვემზადე, ამერიკული სტილის კალათბურთსაც ალღო ავუღე და მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი როლის შესრულებაც შემიძლია.

- შემადგენლობაში რა ცვლილებებია?
- გასული სეზონი ნახევარფინალში დავასრულეთ - ოვერტაიმი წავაგეთ. კარგი გუნდი გვყავდა, ლიგის ლიდერებს ღირსეულად ვეთამაშეთ. მათგან ამ ზაფხულს ბევრი ლიდერი წავიდა, ზოგი NBA-ში.

"სან დიეგო" კი არც ერთ წამყვან კალათბურთელს არ დაუტოვებია და სწორედ ეს გვაძლევს მაღალი მიზნების მიღწევის იმედს.

- უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე სწავლობ და კიდევ რამდენი წელი დაგრჩა?
- ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს ვეუფლები. საინტერესო სპეციალობაა. წასვლამდე ინგლისური კი ვიცოდი, მაგრამ სრულყოფილად ასათვისებლად მაინც დამჭირდა დრო.

ოთხწლიანი დაფინანსება მაქვს. სწავლის გაგრძელებაც შეიძლება, თუმცა საამისოდ დიდი თანხაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ ტყუილად აპიარებენ მაინც არაპერი გამოვა ამისგან
rezo
14:33 15-07-2013
0
ამ კაცის დიდი იმედი მაქ ძმებო.ძალიან მშრომელი კაცია იცის შრომის ფასი რა არი და ისიც იცის თუ რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება სწორედ ამიტომაც ვარჯიშობს ბოლომდე და ბევრისგან განსხვავებით საკუთარ ნიჭს კი არ ანიავებს!!!
jano
14:31 15-07-2013
0

სიახლეები პოპულარული