მარკოიშვილი იტალიაში გამორჩეულია

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან ახლოს იყო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ".

- ბოლომდე ვიბრძოლეთ, თითოეულმა კალათბურთელმა ბევრი იშრომა და "მონტეპასკის" დიდი სხვაობით დაწინაურების უფლება არ მივეცით. თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ ჩვენზე უკეთ ისროლა და გამარჯვებაც ხელიდან გამოგვგლიჯა. "მონტეპასკის" დონის გუნდთან ასეთი კარგი თამაშის შემდეგ უფლება არ მაქვს, ჩემი შეგირდებით უკმაყოფილო ვიყო, - განაცხადა "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

მატჩის იტალიურ მიმოხილვებში ორი კალათბურთელია გამორჩეული - სიენელთა მხრიდან საუკეთესო ლავრინოვიჩი (24 ქულა) იყო, "კანტუს" მხრიდან - მარკოიშვილიო. მანუმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო,
მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანს ორიანი მიაყოლა და 4-ქულიანი დეფიციტი +1-ად აქცია - 17:16. მან შეხვედრის ბოლო წუთზეც მოიპოვა საჯარიმოების ტყორცნის უფლება, მაგრამ მისი გუნდი უკვე 4 ქულის სხვაობით აგებდა და მას მერე თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. მანუმ 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულა "კანტუს" სნაიპერობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მან რამდენიმე შეტევა იმდენად ეფექტურად დააგვირგვინა, რომ შეხვედრის საუკეთესო ეპიზოდებს შორის მისი ოთხი იერიში მოხვდა.

ქართველმა უკანახაზელმა "მონტეპასკის" თავკაც სიმონე პიანიჯანის კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია. სხვათა შორის, ზაფხულში პიანიჯანი მანუს კონტრაქტზე ესაუბრა, თუმცა უთხრა, ახლა სხვა ვარიანტზე ვმუშაობ და რომ დავასრულებ, ხელშეკრულება მერე გავაფორმოთო. მანუჩარმა ლოდინს "კანტუში" დარჩენა ამჯობინა. ვფიქრობთ, არც შემცდარა, რადგან ბოლო ტურშიც გამოჩნდა, რომ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ქართველი კი - ამ კლუბის ლიდერი..


***
"კასერტასთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ ვიქტორ სანიკიძემ გვითხრა:

- ამ შეხვედრისთვის გუნდი აქტიურად ემზადება, მე ვერ ვვარჯიშობ, რადგან ფეხი მაწუხებს. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა "კასერტას" წინააღმდეგ.

მწვრთნელმა ლარდო ლინომ ვიქტორი მატჩის განაცხადში მაინც შეიყვანა და მოედანზე პირველი პერიოდის ბოლოს შეუშვა. 6 წუთში ქართველის ანგარიშზე 1 მოხსნა იყო. მეორე ტაიმში მას აღარ უთამაშია, რასაც ორი მიზეზი უნდა ჰქონოდა: პირველი - კოჭის ტრავმა, რომლის გამიზეზებასაც მწვრთნელი მოერიდა და მეორე - მატჩის მსვლელობა. ვირტუსელებმა შეხვედრა თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად ჩაატარეს და მწვრთნელს ვიქტორის საქმეში ჩართვა აღარ დასჭირვებია. ვფიქრობთ, მეოთხე პერიოდში ბოლონიელებს რომ გასჭირვებოდათ, სანიკიძე თამაშში ჩაერთვებოდა. "ვირტუსმა" 71:63 მოიგო.

ბოლონიელებს სერია A-ში ხუთიდან ოთხი მატჩი აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მილანის "არმანის" (5 გამარჯვება) ჩამორჩებიან. 3 მოგებით და 2 წაგებით მე-7 ადგილზეა "კანტუ". დღეს მანუჩარის თანაგუნდელები ევროთასის პირველ მატჩში ბერძნულ "პანელინიოსს" მიიღებენ.


***
იტალიის მეორე ლიგაში მოულოდნელად წააგო ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა "კრაბსმა". რიმინიში ნიკა მეტრეველის თანაგუნდელებმა "უმანას" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე 64:67 დამარცხდნენ. ნიკას 10 წუთში კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია. მის ნაგარიშზე 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ამ წაგების შემდეგ "კრაბსი" მეორიდან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა - 5 მოგება და 2 წაგება აქვს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული