გარდამტეხი გიორგი შერმადინი

AutoSharing Option
გუშინ სლოვენიაში ქართული დღე იყო. ჩვენს საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე გაზეთის საწყის გვერდებზე წაიკითხავდით. კოპერში მიმდინარე მატჩის პარალელურად ლიუბლიანაში ჩატარდა ევროლიგის შეხვედრა "ოლიმპიასა" და ესპანურ "ვალენსიას" შორის, რომელიც გიორგი შერმადინის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (72:68). რაც უფრო მნიშვნელოვანია - ოლიმპიელებმა მატჩის მსვლელობისას გარდატეხა სწორედ ქართველი ცენტრის დახმარებით შეიტანეს. აქვე მოგახსენებთ შერმადინის მონაგარს და მატჩის ქრონოლოგიას შემდეგ შევეხებით. გიორგიმ 12 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი ორქულიანიდან მხოლოდ ერთი ააცილა.

შერმადინი მოედანზე მე-7 წუთზე გამოჩნდა,
მაშინ როცა "ოლიმპია" 11:20-ს აგებდა. მე-13 წუთზე მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის დააბრუნა, თუმცა უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მასპინძელთა ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა (შერმადინმა ორი ჯარიმით 18:21 დააფიქსირა).

მესამე პერიოდის დასაწყისში საშა ოზბოლტმა სამქულიანი გამოიყენა - 38:32. მომდევნო ხუთ წუთში ოლიმპიელებს შეტევაში გაუჭირდათ, მხოლოდ 6 ქულის ჩაგდება მოახერხეს. ანგარიშზე 44:40 მოედანზე გიორგი შერმადინი შევიდა. მართალია, მალე დე კოლოს საჯარიმოების შემდეგ "ვალენსიამ" ანგარიში გაათანაბრა (47:47), მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დადგა შერმადინის ჯერი: ორ საჯარიმოს ერთი ორქულიანი მიაყოლა, მას საშა სალინმაც სამქულიანით აუბა მხარი და მეოთხე რაუნდის წინ სლოვენიელები 54:50 დაწინაურდნენ.

საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე გიორგი მარცხენა ფლანგიდან კარგად შეიჭრა და ეფექტური ჩატენვით რვაქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 61:53. ეს უკვე გარდატეხის ტოლფასი იყო. ამ ეპიზოდში მწვრთნელმა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი სკამზე დააბრუნა და მოედანზე აღარ შეუშვია. ვინც მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ ქართველი ცენტრი ოდნავ მეტ დროს მაინც იმსახურებდა, გუნდს უფრო დიდ სარგებელს მოუტანდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული