7 ნოემბერს სწორედ მათი ახალი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს რომ გაუხარდება - მოიგო ზაზამ.
მატჩის შემდეგ ტელეეკრანზე კარგად გამოჩნდა, როგორ მივიდა ფაჩულიასთან კოკოშკოვი, წარმატება მიულოცა და მათ ასე, ლაპარაკ-ლაპარაკით დატოვეს მოედანი.
* * *
შეხვედრის დასრულებას 24 წამი უკლდა, როცა "მილუოკის" სნაიპერმა მეიომ (28 ქულა) ორქულიანი გააცუდა, მეტოქის ფარქვეშ გამოცდილი ბატლერი გაჩნდა და ბურთი კალათში ჩააბრუნა (105:104).
იმ მომენტში მას ზაზა ფაჩულია მიჰყვებოდა ("ბაქსის" კალათბურთელები დაცვაში კარგად აზღვევდნენ და ცვლიდნენ ერთმანეთს)... დარჩენილ დროში "მილუოკიმ" მიღწეულის შენარჩუნება მოახერხა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაითანაბრა (2 მოგება, 2 წაგება).
...თუმცა გამარჯვება არც უნდა გასჭირვებოდა: საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე "ბაქსს" საქმე თითქოს მოთავებული ჰქონდა - 13 ქულის სხვაობით იგებდა (98:85). ამის მერე ირვინგმა თავი გამოიდო, სამქულიანებს ორიანები მიაყოლა და იმდენი მოახერხა, "კლივლენდი" დააწინაურა კიდეც... მაგრამ მილუოკელი ბატლერის გადამწყვეტ ტყორცნაზე უკვე მოგახსენეთ.
* * *
მატჩის ხილვა თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ ზაზა ფაჩულიამ 41 წუთი ითამაშა. რადგან ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა სასტარტო ცენტრი ლარი სენდერსი, სასტარტო ხუთეულში ფაჩულია გამოჩნდა. მისი შეცვლა მწვრთნელ ლარი დრიუს ძალიან უმძიმდა, მხოლოდ 2-3 წუთით ასვენებდა.
სასიამოვნოა, რომ ზაზამ შეხვედრა ისე ჩაატარა, დაღლა არ დასტყობია.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეტევათა ერთ ნაწილში იგი გამთამაშებლისგან ბურთს პირველი იღებდა და პლეიმეიქერივით კარნახობდა შეტევის მიმართულებას. ეს მხოლოდ ტელეეთერში როდი ჩანდა, სტატისტიკამაც დაგვიმტკიცა: საქართველოს ნაკრების ცენტრმა 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ერთი პასიც რომ მიემატებინა, კარიერის რეკორდს გაიმეორებდა.
შეგახსენებთ, ზაზამ ყველაზე მეტი, 8 პასი შარშანდელ სეზონში თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსთან" მოგებულ შეხვედრაში მოაგროვა.
ფაჩულია შეტევაში თავს კომფორტულად რომ გრძნობდა და ყოველგვარი წნეხისა და აღელვების გარეშე თამაშობდა, ამას მისი სროლის სიზუსტეც ადასტურებს: 10-დან 10 საჯარიმო გამოიყენა და შორი ორქულიანებისასაც ზუსტი იყო.
სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში გამართულ ოთხ შეხვედრაში ზაზამ 21 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და მიზანს ერთხელაც არ ააცილა. იმედი დავიტოვოთ, რომ წარმატებული სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
უახლოესი შეხვედრა "მილუოკის" 9 ნოემბერს, "დალას მავერიქსთან" შინ ელის.
მილუოკი-კლივლენდი 109:104
ზაზა ფაჩულია: 41 წუთი, 14 ქულა (4/2 ორქულიანი, 10/10 საჯარიმო), 9 მოხსნა, 7 პასი, 2 ფოლი, 3 შეცდომა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"