დვალიშვილ-სანაძის კანარული ამბები

AutoSharing Option
სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოცდილი აკაკი დვალიშვილი და დუდა სანაძე ამ სეზონში კანარის კუნძულების საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხნენ. ეს ის გუნდია, სადაც ახალგაზრდებს მაღალი დონის სპეციალისტები გუნდთან ერთადაც და ინდივიდუალურადაც ავარჯიშებენ, რათა უახლოეს მომავალში მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.

სანაძე კანარებზე დვალიშვილთან შედარებით ერთი თვით ადრე ჩავიდა და აკადემიის საკალათბურთო გუნდის განაცხადში შეყვანაც ოილად მოხერხდა, კაკის კი დაგვიანების გამო ლიცენზიის პრობლემა შეექმნა და ჯერ ვერ თამაშობს.

- მართალია, ჯერ ლიცენზია არ მაქვს და გუნდთან ერთად მატჩებში ვერ ვმონაწილეობ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ
დროს უქმად ვაცდენ. პირიქით, აკადემიაში კალათბურთელთა პროგრესზე სერიოზულად ზრუნავენ, ამერიკიდან კოლეჯების ლიგის მწვრთნელებს იწვევენ და ყველასთან ინდივიდუალურად, ყველა კომპონენტზე მუშაობენ. მეც ძირითადად დარბაზში ვარ, ძალიან ვიტვირთები და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება.

ახლა დუდა სანაძეს მოვუსმინოთ, რომელმაც "კანარების აკადემიასთან" ესპანეთის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა, თუმცა მანამდე ერთი ტურნირის მოგება მოასწრო.

- შეჯიბრება ტენერიფეში გაიმართა და მასში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონები გავხდით. ნახევარფინალში 18 ქულა ჩავაგდე, ფინალში - 26. ამის შემდეგ ჩავერთეთ კანარების ჩემპიონატში და წარმატების შემთხვევაში ესპანეთის პირველობის ლიცენზიას მოვიპოვებთ.

სადღეისოდ, "კანარების აკადემიას" ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული, ოთხი მოგებული.

- ამ უქმეებამდე დაუმარცხებლად ვთამაშობდით, თუმცა სატურნირო ცხრილის პირველადგილოსან "სანტა ბრიჯიდას" შევხვდით და 11 ქულის სხვაობით დავმარცხდით. 17 ქულა ჩავაგდე. "აკადემია" ცხრილში მეორე ადგილზეა, "ბრიჯიდა" - პირველზე (5 მოგება).

დუდა სანაძის მონაგარის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ იგი გუნდის ლიდერია. ამიტომ, საინტერესოა, მისი წინა მატჩების მონაგარის გაცნობა...

- პირველ შეხვედრაში 16 ქულა ჩავაგდე, მეორეში - 18. საუკეთესოდ მესამე შეხვედრა გამომივიდა - 33 ქულა მოვაგროვე (7 სამქულიანი ჩავაგდე). მეოთხე შეხვედრაში 24 ქულა მქონდა.

დუდა სანაძემ გუშინ გვითხრა, რომ აკაკი დვალიშვილს თამაშის ლიცენზიას მალე მისცემენ და იგი სავარაუდოდ, "აკადემიის" მეექვსე მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თავად დუდა კი, მიუხედავად იმისა, რომ კანარებზე თავს კარგად გრძნობს, მაინც საქართველოში აპირებს დაბრუნებას:

- ესპანეთის ვიზას ვადა გასდის და მისი გაგრძელება ვერ ხერხდება, ამიტომ, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. სავარაუდოდ დეკემბრამდე ჩამოვალ.

დუდას ისიც ვკითხე, გადაწყვეტილი ხომ არ აქვს საქართველოს ჩემპიონატის რომელ გუნდში ითამაშებს. როგორც აღმოჩნდა, არის სხვადასხვა შეთავაზება, თუმცა რომელ გუნდს დაემატება ჯერ უცნობია.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული