დუდა სანაძე: სათადარიგოდან თუ სასტარტოდან, ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ

AutoSharing Option
- დუდა სანაძემ ბევრი კარგი რამ გააკეთა დღეს გუნდისთვის და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მინდა დავაფასო მისი ბრძოლისუნარიანობა, - განაცხადა "სან დიეგო"-"ლოიოლა ლაიონსის" მატჩის შემდეგ დიეგოელთა თავკაცმა ბილ გრირმა.

ეს, ერთი შეხედვით, უბრალო კომენტარია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე ეხება კოლეჯების ლიგის უმაღლეს დივიზიონს, დუდას აღიარებადაც შეიძლება განვიხილოთ.

ამ ლიგაში ხომ ფეხის მოკიდება არცთუ იოლია, მით უმეტეს, ევროპიდან ჩასული კალათბურთელებისთვის. სანაძემ კი მყარად დაიმკვიდრა ადგილი სასტარტო ხუთეულში და რიგ მატჩებში მწვრთნელი თამაშის გადამწყვეტ ტყორცნებსაც ანდობს.

"ლაიონსთან" ("ლომებთან") სანაძემ 24 წუთში
22 ქულა, 5 მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მას ამჯერად სამქულიანი არ უსვრია, 10-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ტყორცნებისას თითქმის შეუცდომელი იყო - 15-დან 14 ჩააგდო.

იმასაც გეტყვით, რომ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დუდას ანგარიშზე ოდენ 5 ქულა იყო, დარჩენილ დროში კი ერთბაშად 17 ქულას მოუყარა თავი. მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე გადაწყდა: სანაძის გუნდი 52:51-ს იგებდა, როცა 21 წლის ქართველმა ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო, ამას კიდევ ერთი უპასუხო ორიანი მიაყოლა და "სან დიეგო" 57:51 დააწინაურა.

დარჩენილ 5 წუთში მან კიდევ ერთ ტყორცნას "მიატანა" საჯარიმო, ხოლო ბოლო წამებზე, როცა მეტოქე განზრახ ჯარიმდებოდა, სანაძემ ექვსი საჯარიმო გამოიყენა.

"სან დიეგომ" საბოლოოდ 74:67 გაიმარჯვა. ეს გახლდათ პირველი მოგება დივიზიონის მატჩების დაწყების შემდეგ. მანამდე დიეგოელებს სამი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული.

"ლომების" ძლევის შემდეგ დუდას თანაგუნდელებმა "პეპერდაინს" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე 65:69 დამარცხდნენ.

ქართველს ამჯერად 33 წუთი ერგო (სასტარტოში რომ დაიწყო, ამას აღარ შეგახსენებთ) და ორქულიან-სამიანები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა: 4-4 ისროლა და 2-2 ჩააგდო, 6-დან 4 საჯარიმოც მიამატა და 14 ქულასთან ერთად, 4 მოხსნას გამორჩა.

საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, სანაძის ორქულიანის შემდეგ "სან დიეგო" 5 ქულით დაწინაურდა (63:58), თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა 2:11 დათმეს და სეზონის მეოთხე შეხვედრა დაასრულეს მარცხით.

"ლოიოლა ლაიონსთან" მოგების შემდეგ მატჩის გმირ დუდა სანაძესთან ამერიკელმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვარიანტს:

- მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მხარში ამომიდგნენ და ერთად შევძელით ძლიერი მეტოქის დამარცხება.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, სასტარტო ხუთეულიდან დავიწყებ თუ სათადარიგოთა სკამიდან, 20 წუთი ვითამაშებ თუ ათი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის ვეცდები, გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო.

- მენტალური თვალსაზრისით, რას ნიშნავდა ეს მატჩი თქვენთვის?
- სამი მარცხის შემდეგ პირველად მოვიგეთ, რაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომდევნო შეხვედრებს უფრო თავდაჯერებულები შევხვდებით და ვიმედოვნებ, სატურნირო სიტუაციასაც გამოვისწორებთ. ამისთვის კი აუცილებელია, საშინაო მატჩებში დავიცვათ და არ გავფლანგოთ ქულები.

- ჯონი დიმ ავადმყოფობის გამო მეორე ტაიმში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. რას იტყვით მის შესახებ?
- დი დივიზიონის ერთ-ერთი სნაიპერთაგანია, რაც იოლი მისაღწევი სულაც არ არის, ლიგაში ხომ გუნდები დიდ ყურადღებას აქცევენ დაცვით თამაშს და უამრავი მაღალი დონის დამცველი თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება ფედერაციაში,არაფერი ისმის ნაკრების მთ.მწვრთნელის დანიშვნის ან სავარაუდო კანდიდატების შეასახებ.სპოტული სამყარო და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის სიახლეს.
vaxvax
12:33 13-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული