ზაზა ფაჩულია: საქმე სწორი გზით თავისით ვერ წავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას გატეხილი წვივის ძვლის სამკურნალოდ თითქმის ორი თვე დასჭირდა (ბოლო მატჩი 4 დეკემბერს ჩაატარა).

ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ იგი მოედანს NBA-ს "ოლ სტარამდე" დაუბრუნდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.

ამერიკაში ვარსკვლავთა კვირეული 12 თებერვალს დაიწყება, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ქართველმა ცენტრმა თებერვლის პირველ რიცხვებში ითამაშოს.

"მილუოკი ბაქსის" ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ ფაჩულია უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. აი, რას ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ:

- პირველი დღეა, რაც ზაზა ფაჩულია
გუნდთან ერთად სრული დატვირთვით წვრთნას შეუდგა. როგორც თავად მითხრა, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და თავს კონტაქტური ვარჯიშის შემდეგაც კარგად გრძნობდა. როგორც ჩანს, მკურნალობა სწორად წარიმართა.

ახლა თავად კალათბურთელს მოვუსმინოთ, რომელმაც წვრთნის დასრულების შემდეგ "მილუოკის" ჟურნალისტი დააიმედა:

- თავს უკვე კარგად ვგრძნობ, შემიძლია ბოლომდე ვივარჯიშო და კონდიციების აღდგენაზე ვიმუშაო. მოუთმენლად ველი  სათამაშო მოედანზე დაბრუნებას.

მილუოკურ გამოცემა "ჟურნალ სენტინელში" ზაზა ფაჩულიას ჯანმრთელობის მდგომარეობას მიეძღვნა ვრცელი სტატია, რომლის თარგმანიც ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

"ზაზა ამბობს, რომ დანებების დრო არ არის. 29 წლის ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ 26 მატჩი გამოტოვა, გუნდის ლიდერია - გასახდელში ყოველთვის თანაგუნდელებთანაა და ამხნევებს. იგი იმედოვნებს, რომ მალე თამაშითაც დაეხმარება მილუოკელებს.

სამშაბათიდან იგი მოედნის მთელ მონაკვეთზე ისევე ინტენსიურად ვარჯიშობდა, როგორც დანარჩენები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მატჩებში "ბაქსის" განაცხადში მოხვდება, თუმცა ზუსტად როდის ითამაშებს, ჯერ სათქმელად რთულია.

ამასობაში "მილუოკიმ" (რომელსაც სულ 8 მოგება აქვს) ორი მწარე მარცხი იგემა საკუთარ კედლებში და ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას "ფინიქს სანზთან" მატჩისას შეეცდება (29 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას).

- ახალგაზრდული გუნდი გვყავს, - ამბობს ზაზა ფაჩულია, - ბიჭები პროგრესირებენ. თუმცა ვუსურვებდი, გაცილებით უკეთესი სეზონი ჰქონდეთ. არ მინდა იფიქრონ, რომ ის, რაც ახლა ხდება, NBA-სთვის ტიპურია.

გუნდს მოგებები უჭირს, რაც ნორმალური არ არის. "მილუოკის" გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს. გუნდში მომავალს ვხედავ, რაც იმედს მმატებს - "ბაქსს" წინსვლის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ეს ახალგაზრდებმაც უნდა გააცნობიერონ და განაგრძონ საკუთარ თავზე მუშაობა.

ქართველი მეფარე კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს:

- მოაზროვნე და სხარტი ახალგაზრდები გვყავს. იანის ანტეტეკუონმპომ, ნეით ვოლტერსმა, მიროსლავ რადულიცამ უნდა უსმინონ მწვრთნელებს, მათზე უფროსებს და განაგრძონ სწორი მიმართულებით ვარჯიში. თუმცა ეს მხოლოდ ახალგაზრდებისთვის როდია კარგი; თუ შედეგი გვინდა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და თამაშიც სწორად წარვმართოთ. ასეთ შემთხვევაში შედეგიც გვექნება და თამაშიც გაგვიადვილდება.

ფაჩულიას დაბრუნება ახარებს "მილუოკის" მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუს, რომელიც "ატლანტაში" ქართველთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა:

- ზაზა ენერგიული მოთამაშეა, არაფერს ერიდება, ფარქვეშ უბრძოლველად არავის უშვებს. დღეს ეს გვაკლია. რა თქმა უნდა, ყველა წინახაზელს თავისი დადებითი თვისება აქვს, ყველა გვეხმარება, მაგრამ ზაზა ფაჩულიას ენერგია გვჭირდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "მილუოკი ბაქსის" ერთი მეფარე, ლარი სენდერსი ავადმყოფობის გამო ვერ ვარჯიშობს, ხოლო მეორე წინახაზელ ეკპე ადოს კოჭის ტრავმა აქვს და გუნდს ვერც ის ეხმარება.

ასე რომ, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ სამი მაღალი იყო: მიროსლავ რადულიცა, ჯონ ჰენსონი და ერსან ილიასოვა (ეს უკანასკნელი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს).

- სეზონის დასაწყისიდან დღემდე ვერ მოვიშორეთ ტრავმები. განსაკუთრებით ამ სიტუაციაში გვჭირდება ყველა კალათბურთელის დახმარება, რომ თამაშიც და სატურნირო მდგომარეობაც გავიუმჯობესოთ, - ამბობს ფაჩულია.

როგორც ლარი დრიუ ამბობს, ტრავმამოშუშებულ ფაჩულიას საწყის მატჩებში ბოლომდე არ დატვირთავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეფარეს აპრილში აქილევსის მყესის ოპერაცია აქვს გადატანილი. იგი გასულ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "მილუოკი ბაქსთან". მიმდინარე სეზონში მან წვივის ძვლის დაზიანებამდე 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 25.2 წუთში 6.9 ქულას, 6.5 მოხსნასა და 1.8 პასს აგროვებდა.

- მყესი სეზონის დასაწყისშიც ცოტა მაწუხებდა, ალბათ, იმიტომ, რომ სპეციალურ ფეხსაცმელს დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში სპეცფეხსაცმლის ტარებისა, - ამბობს ფაჩულია, რომელიც ტრავმის მიუხედავად, გუნდის ნაწილი იყო და მოედნის გარედან ეხმარებოდა.

- ვერ ვთამაშობდი, მაგრამ გუნდში ვიყავი, ვმგზავრობდი "მილუოკი ბაქსთან" ერთად და ვცდილობდი დავხმარებოდი, რითაც შემეძლო. თუმცა ყველას კარგად გესმით, რომ თანაგუნდელთა მოტივირება, მათი დახმარება გაცილებით იოლია, როცა შენც მოედანზე დგახარ. მალე მეც ვითამაშებ.

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონში "მილუოკი ბაქსი" NBA-ს აუტსაიდერია, 44 მატჩიდან მხოლოდ 8 აქვს მოგებული. საინტერესოა, რას ფიქრობს ფაჩულია გუნდის წარუმატებელი სერიის შესახებ.

- საქმე სწორი გზით თავისით ვერ წავა, საჭიროა, მიმართულება ჩვენ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შეგვიძლია და "მილუოკის" წაგებებს წარმატებული მატჩები ჩაენაცვლება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული