პუბლიკაცია ეძღვნება საქართველოს ნაკრებისა და ამერიკის კოლეჯების ლიგის, "სან დიეგოს" უკანახაზელ დუდა სანაძეს (1992 წელსაა დაბადებული).
ვთარგმნოთ და წავიკითხოთ:
"სანაძეს მოედნის გარეთ რომ შევხვდი, მოწყენილი სახე ჰქონდა, თითქოს ძაღლი, კატა ან გამარჯვება დაკარგა.
თუმცა მისიის შესრულებისას სახის გამომეტყველება ეცვლება - სერიოზული, საშიში შესახედავია.
- დუდა წაგებას ვერ იტანს. მატჩისას, ვიდრე საათი 00:00-ს აჩვენებს, სანაძე არასოდესაა კმაყოფილი, თუ მისი გუნდი მეტოქეს ანგარიშში ჩამორჩება, - ამბობს "სან დიეგოს"
ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ მოედნის მიღმა მოსიარულე დუდა სანაძე რომ დავინახე, ვკითხე - საიდან ხარ?
- Georgia-დან, - მომიგო და გულზე ხელი დაირტყა. იგი არ გულისხმობდა ამერიკის შტატს. სანაძე აღმოსავლეთ ევროპიდანაა, საქართველოდან, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას, თურქეთსა და რუსეთს.
პატარა ქვეყანას თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის უწევდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. რუსეთის მმართველობის ქვეშ ქართველები 1921-დან 1991 წლამდე იყვნენ, რასაც მოჰყვა სამწლიანი ომი...
- მრისხანე მეომრები ვართ, - ამბობს სანაძე. იგი "სან დიეგოს" მეორე მექულე (12.6) და მომხსნელია (4). ფოლებშიც მეორეა... პოზიციისთვის ბევრს იბრძვის, არავის არაფერს უთმობს, რაც შეიძლება მისი კულტურული ინსტინქტი იყოს.
- არ ვიცი, რა როგორ გამომდის, რამდენ ფოლს ვიღებ, მაგრამ მიყვარს ბრძოლა, - ესეც დუდამ გვითხრა.
- ზოგჯერ იგი ძალიან საშიშია, - მოგვითხრობს გუნდის მეორე მწვრთნელი კაილ ბენკჰედი, - არ ეშინია თუნდაც მუშტი-კრივზე გადასვლის. ზოგჯერ ეს გვჭირდება კიდეც.
რჩება შთაბეჭდილება, სანაძე კალათისთვისა და ბურთისთვისაა დაბადებული. მამამისი, გიორგი საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, ახლა კი საკალათბურთო აკადემიაში მუშაობს.
- მამაჩემი მსროლელი გახლდათ, ჩემზე უკეთესი. ქულებს უხვად აგროვებდა. ძალიან მოქნილი იყო და მინახავს მისი ეფექტური ჩატენვებიც.
სამ ძმას შორის უფროსმა, დუდა სანაძემ პატარაობიდან გამოავლინა კალათბურთისადმი სიყვარული და, რა გასაკვირია, რომ მამამისმა მალევე მიაბარა მწვრთნელს. 15 წლის დუდა საქართველოს კადეტთა ნაკრებში თამაშობდა.
- სკოლის შემდეგ ხან მეგობართან თამაში მინდოდა, ხან ტელევიზორის ყურება, მამაჩემი კი მეუბნებოდა - ჩაიცვი, დარბაზში სავარჯიშოდ მივდივართო. მეც მივყვებოდი, - იხსენებს კალათბურთელი.
ორი წლის წინათ "სან დიეგოს" ყოფილმა მწვრთნელმა ლამონ სმიტმა ასისტენტ კაილ ბენკჰედს უთხრა - შეხედე, 196 სმ სიმაღლის "ევრო" რა კარგად სტყორცნისო. მეორე მწვრთნელმა შეისწავლა სანაძის თამაშის ვიდეოჩანაწერები, 2011 წლის ზაფხულში ქართველის სანახავად სლოვენიაში გაფრინდა და იქიდან ჩამოსულმა ორი თითი ასწია - ყველაფერი კარგადააო.
2012-13 წლების სეზონი დუდამ სან დიეგოში გაატარა, მაგრამ არ უთამაშია, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კი 22-დან 2 მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. 10 მატჩიდან რვაში ასცდა 10-ქულიან ბარიერს. სამჯერ გადალახა 20-ქულიანი ზღვარი, "სანტა კლარასთან" კი ამერიკული კარიერის რეკორდი დაამყარა - 25 ქულას მოუყარა თავი.
- ერთი, რამაც გაართულა მისი შეჩერება, სანაძის სიმაღლე იყო, - ამბობს "სანტა კლარას" მთავარი მწვრთნელი ჯეს პრუიტი, - ძლიერი ფლანგის მოთამაშეა. მეორეც, უშიშარია, ბურთსაც კარგად ატარებს და თამამად უტევს. სანაძე არატიპური ევროპელია, არ ერიდება კონტაქტს, პირიქით, აქტიურად შედის ბრძოლაში.
დუდას თვითონაც უყვარს სწრაფი თამაში და თანაგუნდელებსაც აჩქარებს. შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა, რომ ევროპაში ყოველი შეტევისთვის 24 წამია გამოყოფილი, კოლეჯების ლიგაში კი - 35.
დუდა სანაძე ახალგაზრდაა და გასაკვირი არ არის არასტაბილურობაც: თუ საწყის ოთხ მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებდა, ბოლო ორში სულ 13 ჩააგდო. დაცვაშიც სჭირდება მომატება.
- დაცვაში თამაშის სრულყოფისთვის დიდი გზა აქვს გასავლელი, - ამბობს კაილ ბენკჰედი, თუმცა სანაძე გუნდს აძლევს იმას, რასაც მწვრთნელი ვერ მისცემს - აგრესიულობას, ენერგიას და ღონეს.
მაგალითისთვის: "პეპერდაინთან" მატჩისას ბრენდან ლეინმა სირენამდე 4 წამით ადრე სანდიეგოელთა მიერ აცილებული ბურთი მოხსნა, სანაძე კი მივარდა და ხელიდან გამოგლიჯა. მსაჯებმა ფოლი არ დააფიქსირეს. ლეინი დუდასკენ გაიწია, არც ქართველი ჩამორჩა...
- დაძაბულობისას დუდა მეტოქეს ეუბნებოდა - რა გინდა? მიდი, რამე გააკეთეო... ლეინი რომ არ გაჩერებულიყო, მისთვის უარესი იქნებოდა, - მოგვითხრობს "სან დიეგოს" გამთამაშებელი კრისტოფერ ანდერსენი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"