ამ ორ მატჩს შორის, კვირას, საღამოს 6 საათზე "კახასოლმა" და "რეალმა" კოინის საკალათბურთო ტურნირის ფინალში ითამაშეს და მადრიდელებმა 5 ქულის სხვაობით წააგეს. სათაურში "რეალის" ძლევა "კახასოლის" ქართველ ფორვარდ ბექა ბურჯანაძეს დავაბრალეთ, რაც გადამეტებული სულაც არ ყოფილა:
- ჩვენს მსგავსად, მადრიდელებმაც ფინალამდე ყველა მატჩი მოიგეს. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "რეალს" ძლიერი ახალგაზრდები ჰყავს.
საუბარი "რეალთან" მატჩით დავიწყეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესო გამოდგა შეჯიბრების ჯგუფური ეტაპი, რომელზეც თავად კალათბურთელი მოგვითხრობს:
- ქალაქ კოინში ყოველწლიურად იმართება 18-წლამდელთა ტურნირი, რომელშიც ძლიერი გუნდები მონაწილეობენ. წლეულს შეჯიბრებაში ექვსი გუნდი ჩაერთო: "უნიკახა", "რეალი", "კოინი", "მალაგა", ერთი ჩეხური კლუბი და ჩვენი "კახასოლი". გუნდები ორ ჯგუფად გაიყო. პირველ მატჩში, პარასკევს "უნიკახას" 6 ქულის სხვაობით მოვუგეთ. 13 ქულა და 9 მოხსნა მოვაგროვე. მეორე დღეს ჩეხებთან მატჩში 22 ქულა ჩავაგდე და ბურთი 8-ჯერ მოვხსენი. შეხვედრა 20 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ჯგუფების გამარჯვებულები, "კახასოლი" და "რეალი" ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ...
ვფიქრობთ, კოინის ტურნირზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ბექას "კახასოლი" ება-ს ლიგაზე და ესპანეთის ჩემპიონატშიც თამაშობს.
- ება-ში სამი მატჩი ჩავატარეთ და ორი მოვიგეთ. ეს შეჯიბრება გაზაფხულის ბოლომდე გრძელდება და ვფიქრობ, "კახასოლს" შესწევს ძალა ტურნირი წარმატებით დაასრულოს. ება-ში ძირითადად ჩვენზე უფროსებთან გვიწევს დაპირისპირება (გუნდში მხოლოდ ორი 19 წლის კალათბურთელია, ცენტრი და გამთამაშებელი, დანარჩენი 18 წლისანი ვართ), რაც გამოცდილებასაც გვმატებს და პროფესიულ ზრდაშიც გვეხმარება. მაისიდან ანდალუსიის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის მოგების შემთხვევაში ესპანეთის პირველობაზე გადავალთ. ანდალუსიაში წარმატებაზე არაფერს ვამბობ, იმდენად კარგი გუნდი გვყავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატშიც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. თუმცა, მანამდე დიდი დროა.
ება-ს ლიგაში ბურჯანაძეს ეფექტური დებიუტი ჰქონდა: 32 წუთში 23 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი, 14-დან 11 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისმა "კახასოლმა" "ალაურინი" სტუმად დაამარცხა - 81:73.
მეორე მატჩი სევილიელებმა "რუედას" სძლიეს - 96:60. ბექამ 24 წუთში 16 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა ჩაიწერა.
მესამე ტური "კახასოლისთვის" წამგებიანი გამოდგა: "უნიკახასთან" მალაგაში ბოლო წამებზე ვერაფერი გააწყო - 63:68. ბექამ 30 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა.
ბურჯანაძე თითო მატჩში 6-7 სამქულიანს ესვრის. შესაბამისად, დავინტერესდით, 201 სმ სიმაღლის ქართველს მწვრთნელი რა პოზიციაზე ათამაშებს.
- ძირითადად მესამე და მეოთხე ნომრის ამპლუაში მიწევს გამოსვლა. ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელმა მეორე ნომრადაც (მსროლელად) დამაყენა და კმაყოფილიც დარჩა. ასე რომ არ ყოფილიყო, ოფიციალურ შეხვედრებში მსროლელის ფუნქციას არ მანდობდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მეორე ნომრის პოზიციაზე დაცვაში თამაში. თუმცა, მსროლელად მხოლოდ ეპიზოდებში ვარ, ძირითადად ფორვარდის ფუნქციებს ვასრულებ. თამაშების პარალელურად გუნდთანაც ვვარჯიშობ და ინდივიდუალურადაც, ვხვეწ სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის სისწრაფეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"