3, 2, 1 და ბუმ ლუგანო ააფეთქა

AutoSharing Option
ჯერ სათაური უნდა განვმარტოთ: გიორგი ცინცაძემ (მეტსახელად ბუ) ევროჩელენჯზე "ლუგანოსთან" მატჩში 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და "ტარტუ როკს" 91:88 მოაგებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა გამთამაშებელმა ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 13 ქულას 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა მიაყოლა, შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოეჩვენა ფრაზა: ცინცაძემ "როკს" მოაგებინა. არადა, მართლაც ასე იყო. პირველ ტაიმში მწვრთნელმა გიორგი მხოლოდ 5 წუთი ათამაშა, იმედი ჰქონდა, რომ შედარებით ახალგაზრდა ესტონელი ტიმუ სოკი შვეიცარიელ თანაამპლუელებს იოლად გაუმკლავდებოდა, მაგრამ "როკმა" თამაში ვერ დაალაგა და 23-ე წუთისთვის
"ლუგანოს" 9 ქულით ჩამორჩა. მწვრთნელმა ცინცაძე უმალ მოედანზე დააბრუნა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლომდე მასპინძლებმა დაცვაში თამაში ვერ გამოასწორეს. შეტევაში კი 12-დან 10 ქულა გიორგი ცინცაძის მონაწილეობის შედეგი იყო (7 ქულა ბუმ მიითვალა, ხოლო ვეიდემანს შედეგიანი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა). შვეიცარიელთა მხრიდან პასებსა და ქულებს ერთმანეთზე აწებებდა დრაუგანი (საბოლოოდ 19 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა), რომლის აქტიურობის წყალობითაც "ლუგანომ" მეოთხე რაუნდის წინ 13-ქულიანი ფორა დაიბევა - 67:54.

საქმე მას შემდეგ უფრო გართულდა, რაც მლადანმა სხვაობა 15-მდე გაზარდა, თუმცა ეს "როკერთათვის" შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა: მომდევნო 4 წუთში ტარტუელებმა 10:2 მოიგეს. ამ გაქცევაში სამქულიანი წვლილი შეიტანა ცინცაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგღა შეცვალა. 39-ე წუთზე თამაშის იშტაზე მოსულმა ტალტსმა და ვეიდემანმა სამქულიანები გამოიყენეს და თანაგუნდელები პირველად დააწინაურეს - 80:78. თუმცა, შვეიცარიელმა აბუკარმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და...

ზემოთ რომ ვთქვით, ცინცაძე მწვრთნელმა ძირითადი დროის დასრულების შემდეგ შეცვალაო, მიხვდებოდით, რომ მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა. დამატებითი დრო ბუს გარეშე დაიწყო, თუმცა მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ წუთნახევარში გიორგი მოედანზე დააბრუნა და ქართველმაც ჩვეული სიზუსტით განაგრძო: ეზიუკვის ზუსტი პასით ორქულიანი ჩააგდებინა, ხოლო სირენამდე 41 წამით ადრე ორქულიანი გამოიყენა და - 91:86. დარჩენილ დროში "ლუგანომ" ორი ქულაღა ჩააგდო და 88:91 დამარცხდა.

ამ მოგების მიუხედავად "ტარტუ როკის" ჯგუფიდან გასვლა სხვა მატჩებზეა დამოკიდებული. აქ შანსების განხილვას არ მოვუყვებით, მხოლოდ სატურნირო ცხრილს შემოგთავაზებთ, მომდევნო მატჩების კალენდარს ჩამოგიწერთ და შანსებზე თავად იმსჯელეთ. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა.

C ჯგუფი
აკადემიკი-ბენფიკა 92:71
ლუგანო-როკი 73:61
როკი-აკადემიკი 72:80
ბენფიკა-ლუგანო 89:84
ლუგანო-აკადემიკი 66:69
ბენფიკა-როკი 80:74
როკი-ლუგანო 91:88

თ მ წ სხ ქ
1. აკადემიკი 3 3 0 241/209 6
2. ლუგანო 4 1 3 311/310 5
3. ბენფიკა 3 2 1 240/250 5
4. როკი 4 1 3 298/321 5

8 დეკემბერი
ბენფიკა-აკადემიკი
14 დეკემბერი
აკადემიკი-როკი
ლუგანო-ბენფიკა
21 დეკემბერი
აკადემიკი-ლუგანო
როკი-ბენფიკა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული