Fantastico Manuchar! - კომპლიმენტი მანუჩარ მარკოიშვილს

AutoSharing Option
გუშინ გამცნეთ, რომ ევროთასზე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ჰოლანდიური "გრონინგენი" 81:54 დაამარცხა. მანუ მატჩის სნაიპერი გახდა: 21 წუთში 16 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი) და 5 მოხსნა გაიფორმა. მატჩის ქრონოლოგიით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მარკოიშვილმა გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩისშემდგომი რეაქციების გაცნობა კი საინტერესო უნდა იყოს.

"კანტუს" თავკაცი, ანდრეა ტრინჩიერი კომენტარებში შეგირდების გამორჩევას ყოველთვის ერიდება:

- ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ. ჰოლანდიაში წაგების შემდეგ 7 დღე გავიდა, მეტოქე სათანადოდ შევისწავლეთ, დაცვაში მეტად აგრესიულად ვითამაშეთ და 27-ქულიანი სხვაობაც ლოგიკური იყო.

"გრონინგენის" თავკაცმა მარკო ვან დენ ბერგმა კანტუელი კალათბურთელები ჩამოთვალა:

- ორტნერმა ჰოლანდიაში ვერ ითამაშა, განმეორებით შეხვედრაში კი გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ძალიან გაგვაწვალეს გრინმა, ტაბუმ და მარაცინომ...

ჰოლანდიელ სპეციალისტს რატომღაც ქართული გვარი გამორჩა, რომლის ტყორცნები სხვაობას არითმეტიკული პროგრესიით ზრდიდა. მანუმ 16 ქულა ჩააგდო, "კანტუს" ვიცე-სნაიპერმა მარაცინომ კი 11 ქულას მოუყარა თავი. კანტუელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მარკოიშვილის გვარი რამდენიმე ადგილას გვხვდება. ერთგან სასიამოვნო კომპლიმენტია: Fantastico Manuchar

"კანტუს" 2-2 მოგება-წაგება აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა, ჯგუფიდან გასვლისთვის ორი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს: ჯერ 14 დეკემბერს ბერძნულ "პანელინიოსს" ესტუმრება, ხოლო 21-ში - "გალათასარაის" მიიღებს.

E ჯგუფი
თ მ წ სხ ქ
1. გალათასარაი 4 3 1 283/241 7
2. კანტუ 4 2 2 284/267 6
3. პანელინიოსი 4 2 2 244/264 6
4. გაზ-ტერა 4 1 3 250/289 5

ამავე ტურნირში ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ლიტვაში "შიაულიაის" 89:70 აჯობა. გრინმა 22 წუთში 13 ქულა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-მოხსნა-დაფარება მოაგროვა.

"გრან კანარია" ცხრილში პირველია და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გამარჯვებაღა აკლია. 14 დეკემბერს გრინის გუნდი უკრაინულ "ბუდიველნიკს" უმასპინძლებს.

C ჯგუფი
თ მ წ სხ ქ
1. გრან კანარია 4 3 1 329/270 7
2. ბუდიველნიკი 4 3 1 260/249 7
3. ბუდუჩნოსტი 4 2 2 288/290 6
4. შიაულიაი 4 0 4 284/352 4

ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" იტალიურ "ბენეტონთან" სტუმრადაც წააგო (72:79) და ცხრილში მესამე ადგილზე ჩაინაცვლა. ტაირონმა 17 წუთში თამაშიდან ოთხი ტყორცნა შეასრულა და ვერც ერთი ჩააგდო. მისმა მონაგარმა 2 მოხსნა შეადგინა.

"ესტუდიანტესი" მეხუთე ტურში საბერძნეთში პაოკ-ის წინააღმდეგ ითამაშებს.

F ჯგუფი
თ მ წ სხ ქ
1. ბენეტონი 4 4 0 293/266 8
2. ესტუდიანტესი 4 2 2 324/325 6
3. პაოკ 4 4 2 303/289 6
4. როანი 4 0 4 284/324 4


ევროჩელენჯი
გუშინდელ ნომერში დავწერეთ როგორ დაამარცხა გიორგი ცინცაძის "ტარტუმ" შვეიცარიული "ლუგანო" (91:88). ამ მატჩის შემდეგ ესტონურ გამოცემა "პროსტიმეესში" ცინცაძის კომენტარი გამოქვეყნდა:

- ბოლოსდაბოლოს დავინახეთ, რომ "ლუგანო" არც ისეთი საშიშია, როგორც პირველი მატჩიდან ჩანდა. განმეორებითი შეხვედრის დასაწყისში შვეიცარიელებმა საოცარი სიზუსტით ისროლეს და 17 ქულით დაწინაურდნენ. თუმცა ჩვენი თამაში რომ ვიპოვეთ, მეტოქე ვეღარაფერს გახდა.

"როკს" ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული და ორეულში მოხვედრის დიდი შანსი არ აქვს. გიორგი ოპტიმიზმს ინარჩუნებს:

- თამაშს ვაუმჯობესებთ. ვფიქრობ, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია. მთავარია, ბულგარეთში "აკადემიკის" დამარცხება შევძლოთ. ეს რთული შესასრულებელი იქნება, მაგრამ სოფიელები ტარტუში იყვნენ, ვნახეთ რაც შეუძლიათ და მგონია,რომ უშანსოდ არ ვართ.

ესტონელმა ჟურნალისტმა ცინცაძეს საკუთარ თამაშზეც ჰკითხა:

- თავს უკეთ ვგრძნობ. ფორმაში ნელ-ნელა შევდივარ და ვთვლი, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული