ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ" მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა. ამ შეხვედრის დაწყებამდე ოლიმპიელებს მომდევნო ეტაპის საგზური გარანტირებული ჰქონდათ, რუსებს კი გამარჯვება სჭირდებოდათ და თან "ეფესი"-"პანათინაიკოსის" მატჩში ბერძნების მოგების იმედად უნდა ყოფილიყვნენ. საბოლოოდ ცსკა-სთვის ყველაფერი ცუდად დამთავრდა - "ეფესმა" 79:78 მოიგო, ხოლო "ოლიმპიამ" მოსკოვში წაგების გამო ბოლომდე მედგრად იბრძოლა და ცსკა-ზე შური იძია - 81:72.
როგორც ყოველთვის, თამაშის სიმძიმემ შვიდ ოლიმპიელზე გადაიარა. მატჩის ბომბარდირი საშა ოზბოლტი გახდა, 22 ქულა ჩააგდო. შერმადინმა მოედანზე ზუსტად 10:39 წუთი გაატარა. მისი სტატისტიკა
ასეთი იყო: 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ მის მიერ ზედიზედ ჩაგდებული მე-18 საჯარიმო. ამ მაჩვენებლით იგი ამ სეზონში მეორეა - პირველ ადგილზეა ეფესელი იგორ რაკოჩევიჩი, რომელმაც გუშინ, "პანათინაიკოსთან" 7 საჯარიმო ისროლა და შვიდივე გამოიყენა. მას 24-დან 24 თავისუფალი ტყორცნა აქვს ჩაგდებული.
"ოლიმპია" ევროლიგის მომდევნო მატჩს ვალენსიაში 22 დეკემბერს ჩაატარებს და მეორე ეტაპის წილისყრას დაელოდება.