ცინცაძე ავტოფოლისთვის დააჯარიმეს

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ნისანის" ყინულზე მოცურების შესახებ გუშინ მოგითხრეთ. პოლიციამ გამოიკვლია, რომ ქართველ კალათბურთელს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. თავად გიორგი ამბობს, რომ 2 ჭიქა ღვინო დალია და საჭესთან ერთი საათის შემდეგ დაჯდა.

რადგან საქმე ალკოჰოლს ეხებოდა, "ტარტუ როკის" ხელმძღვანელობამ გუშინ ცინცაძის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელი ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

''რადგან ცინცაძე პასუხისმგებლობას ბოლომდე აცნობიერებს და მომხდარის გამო ნანობს, მისი მხოლოდ ფულადი ჯარიმით დასჯა გადავწყვიტეთ. ოღონდ, რა ოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, საჯაროდ ვერ ვიტყვი. ამას კონტრაქტის პირობები მიკრძალავს'', - განაცხადა "როკის" გენერალურმა მენეჯერმა ანდრეს ლიინატმა.

გუშინვე კომენტარი გააკეთა თავად კალათბურთელმა:

- კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ლოგიკურია. ახლა, ვეცდები ყოველგვარი უარყოფითი დავივიწყო და მაქსიმალურად მოვემზადო შაბათის მატჩისთვის.

გიორგის იქვე საკუთარ თამაშზე ჰკითხეს - ორი წლის წინანდელი ცინცაძე უფრო ეფექტური იყოო...

- "როკში" რომ ვბრუნდებოდი, შეიძლება გულშემატკივრები ძალიან ბევრს ელოდნენ. სტატისტიკის მიხედვით ურიგოდ არ ვირჯები. ორი წლის წინათ დაახლოებით 40 წუთს ვთამაშობდი და 15-ზე მეტ ქულას არ ვაგროვებდი, ახლა შედარებით ცოტა დრო მაქვს. შარშანწინდელთან შედარებით "ტარტუ როკის" თამაშის სტილიც შეიცვალა, მაშინ გუნდი ჩემზე თამაშობდა. ახლა სხვაგვარადაა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული