სანიკიძე: მზად ვარ!

AutoSharing Option
კოჭის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ თითქმის ერთი თვე დაისვენა. მან ვარჯიში ამ კვირას განაახლა და "ვირტუსის" მწვრთნელს, ლარდო ლინოს იმედი აქვს, რომ კვირას იტალიის ჩემპიონატის მატჩშიც დაეხმარება. 19 დეკემბერს ბოლონიელებს საპასუხისმგებლო შეხვედრა ელით - ვიცე-ჩემპიონ "მილანს" უმასპინძლებენ.

გუშინ სანიკიძეს გაზეთ "ბასკეტნეტის" ჟურნალისტი ესაუბრა. ვფიქრობთ, ინტერვიუ ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

- ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- ყველაფერი წესრიგშია, თუმცა ჯერ ყველა ვარჯიშს ვერ ვასრულებ. დღითი დღე მეტად ვიტვირთები... ტკივილს არ ვგრძნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ტრავმა ახალი
მოშუშებული აქვს. სათამაშოდაც მზად ვარ, კვირას "მილანის" წინააღმდეგ მოედანზე მიხილავთ.

- სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით მეტოქე თქვენზე ძლიერია.
- რთული მატჩი გველის. "ვირტუსი" ახალგაზრდა გუნდია, "მილანი" კი ევროლიგაზეც წარმატებით თამაშობს და  სათადარიგოთა გრძელი სკამიც აქვს. მას ერთი კაცის გამოკლება ნამდვილად არ დაეტყობა. ვთქვი, რომ მატჩისთვის მზად ვარ, მაგრამ ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რით დავეხმარები გუნდს. ცხადია, თითოეული ჩემი თანაგუნდელი მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

- ერთი თვეა, რაც მკურნალობთ. ამ დროში "ვირტუსმა" 3 მატჩი წააგო და ერთი მოიგო. გუნდს რა აკლია?
- ტრავმირებული კალათბურთელები. ჩემს გარდა ვერ თამაშობს უინსტონი, რომელიც "ვირტუსისთვის" დიდი ძალაა. წაგების გასამართლებლად ტრავმირებულების ჩამოთვლა არ გამოდგება, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ერთიანი ორგანიზმია და თითოეული კალათბურთელი გუნდისთვის ღირებულია.

- ბოლო ტურში "ვირტუსმა" "სისარი" სტუმრად დაამარცხა.
- ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, ნებისმიერი კალათბურთელი გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას. "სისარისთან" მატჩისთვის გუნდმა სათანადოდ კონცენტრირება მოახერხა და დაცვაში კარგი თამაშის წყალობით გაიმარჯვა კიდეც. ბოლო მატჩში ამოროზოსა და ჰოუმანს გამოვარჩევდი.

- ჰოუმანი ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
- იგი კარგი კალათბურთელია. საკუთარი ფიზიკური სიძლიერის გამოყენება ბევრ მოთამაშეზე უკეთესად შეუძლია. მან "სისარიში" 21 ქულა ჩააგდო. ამით ყველაფერი ნათქვამია.

შეგახსენებთ, რომ ჰოუმანს ბულგარეთის მოქალაქეობა აქვს, ამ ზაფხულს ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ბულგარელთა თავკაცი როსენ ბარჩოვსკი უპირატესობას მეორე ნატურალიზებულს, ერლ კალუეის ანიჭებდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული