დღეს დიმიტრი ფაცაციას თამაშზე მოგითხრობთ, რომელიც სტატისტიკას წლიდან წლამდე აუმჯობესებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში წასვლის შემდეგ იგი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს წლეულს ატარებს - "ტროას" უნივერსიტეტის თერთმეტივე მატჩი სასტარტო ხუთეულში (მესამე ნომრის პოზიციაზე) დაიწყო. მისი სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: საშუალოდ 32.2 წუთი 10.6 ქულა, 5.5 მოხსნა, 2.2 პასი, 1.2 ჩაჭრა (1.6 შეცდომა).
"ტროას" მიერ ჩატარებული 11 მატჩიდან ორში ქართველი ფორვარდი გუნდის ბომბარდირი
"ტროა" NCAA-ს მომდევნო მატჩს იანვარში ჩაატარებს. მანამდე ფაცაციას თანაგუნდელები იუტას კოლეჯის მიერ მოწყობილ ტურნირზე ითამაშებენ, უფრო სწორად, თამაშობენ - შეჯიბრების გახსნით მატჩში, 21 დეკემბერს "ტროამ" "მიჩიგანი" 102:99 დაამარცხა. ლევანის გუნდი ოვერტაიმს ვერც ამჯერად ასცდა.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში იყო 31 წუთი, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში თავი არ გამოუჩენია - მხოლოდ სამი ქულა ჩააგდო. სამაგიეროდ, თანაგუნდელებს 8 პასი ჩამოურიგა, რასაც 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიაყოლა.
"მიჩიგანთან" მატჩამდე ლევან ფაცაციას ამერიკაში შევეხმიანეთ.
- NCAA-ში ერთი შეხვედრა ჩავატარეთ, "ფლორიდა ატლანტიკთან" ოვერტაიმში დავმარცხდით. მანამდე 9 შეხვედრა საგამოფენო იყო, თუმცა აქ ამ მატჩებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ასეთ შეხვედრებში სხვადასხვა კონფერენციების წარმომადგენლებს ვეთამაშებოდით, უმთავრესად კოლეჯების ლიგის საუკეთესო გუნდებს. მწვრთნელის თქმით NCAA-ს ფავორიტებთან საგამოფენო მატჩებში უკეთ მოვემზადებოდით. საწყისი ორი შეხვედრა მოვიგეთ, შვიდი წავაგეთ. თუმცა, არაერთში გვქონდა მოგების კარგი შანსი - ორჯერ დამატებით დროში დავმარცხდით.
- სეზონი კარგად დაიწყე...
- მცირე ტრავმის გამო ორ მატჩში სათანადოდ ვერ ვითამაშე, თუმცა ყოველ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ვიყავი. იმედი მაქვს, თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ.
- მძიმე ფორვარდისთვის უჩვეულოდ არაერთ სამქულიანს ესვრი...
- მსუბუქ ფორვარდად ვთამაშობ. მეოთხე ნომრის პოზიციაზე პეტერსონია.
- კოლეჯების ლიგაში "ტროა" რა მიზნებს ისახავს?
- შეჯიბრებისთვის სერიოზულად ვემზადებით. კარგი გუნდი გვყავს და პლეი ოფის საგზურისთვის ვიბრძოლებთ.
- უნივერსიტეტში რა სპეციალობას ეუფლები?
- სოციოლოგიას. მაინტერესებს ხალხთან ურთიერთობა და ფსიქოლოგია.
- სწავლას როდის ამთავრებ?
- გაზაფხულში. შესაბამისად, ამერიკაში ეს ჩემთვის ბოლო სეზონია. საქართველოში დაბრუნებას და კარიერის ევროპაში გაგრძელებას ვაპირებ.
- ჯერ საქართველოში, მერე ევროპაში?
- სუპერლიგაში მოასპარეზე "სოხუმის" განაცხადში უკვე შემიყვანეს. სწავლასა და კოლეჯების ლიგაში თამაშს რომ დავასრულებ, სოხუმელებს შევუერთდები. იმედი მაქვს, შედეგიანადაც ვითამაშებთ. თუმცა, წინასწარ არ ვიცი, ამერიკაში სეზონი როდის დასრულდება და როდის მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"