შერმადინის გაქცევა, ოლიმპიას წაქცევა

AutoSharing Option
წინასწარ გეტყვით: ევროლიგის ბოლო ტურში "ოლიმპიასთვის" წაგება ტრაგედია არ იქნებოდა, მის მეტოქე "ვალენსიას" კი შეიძლება ეს ჯგუფში ჩარჩენად დაჯდომოდა. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ოლიმპიელებმა ლაღად ითამაშეს და ესპანეთში გამარჯვებაც თითქოს ჯიბეში ჰქონდათ.

საწყის სამ პერიოდზე არაფერს ვიტყვით. ერთი იმიტომ, რომ მწვრთნელმა გიორგი შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა და მეორე - მთავარი მოვლენები ბოლო პერიოდში განვითარდა.

32-ე წუთზე "ოლიმპიას" სასტარტო ცენტრმა კევინ პინკნიმ (27 ქულა) მესამე ჯარიმა მიიღო და მწვრთნელმა მის ნაცვლად ქართველი ცენტრი შეუშვა. პინკნისგან
დაზარალებულმა დე კოლომ ორივე საჯარიმო ჩააგდო და "ვალენსიას" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ "ოლიმპია" 11:5 გაიქცა. რომლის დროსაც გიორგიმ ორი საჯარიმო ჩააგდო, ერთი ჩატენა და ორი პასიც მიითვალა. 

მოკლედ, 9 ქულა უშუალოდ მისი შრომის შედეგი იყო. ამასობაში "ოლიმპიას" უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა (70:63), სირენამდე კი 5 წუთი რჩებოდა.

დანებებას არ აპირებდა უკრაინელი სერგეი ლიშჩუკი, რომელმაც ფარიდან მოშორებით მყოფმა ორი ორქულიანი გამოიყენა და ესპანელებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. მატჩის დასრულებას 1.3 წამი უკლდა, როცა ოლიმპიელი კენი გრეგორი საჯარიმოს ხაზთან დადგა, პირველი ტყორცნა ააცილა, მეორის განზრახ გაცუდება სცადა, მაგრამ ბურთი მოულოდნელად კალათში ჩაეშვა (77:75 სლოვენიელთა სასარგებლოდ). ამან "ვალენსიას" მწვრთნელს სვეტისლავ პეშიჩს წუთშესვენების აღებისა და თამაშის მეტოქის ნახევრიდან განახლების საშუალება მისცა. შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა გიორგი შერმადინი, რომელიც მწვრთნელმა ბურთის შემომტანის წინ დააყენა, რათა თვალთახედვის დიაპაზონი შეემცირებინა. თუმცა, "ოლიმპიას" უკანახაზელებს უმეთვალყურეოდ დარჩათ დუშკო სავანოვიჩი, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრიდან სამქულიანი ჩააგდო და ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

შერმადინმა 10:34 წუთი ითამაშა, 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან მეტოქეს წესები ოთხჯერ დაარღვევინა, თვითონ ერთხელაც არ დაჯარიმებულა.

"ოლიმპიამ" D ჯგუფში გამოსვლა 6 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაასრულა. პირველი ადგილი "პანათინაიკოსს" ერგო (7 გამარჯვება), მესამე - "ეფესს", მეოთხე - "ვალენსიას", მეხუთე - "მილანს", მეექვსე - ცსკა-ს. ბოლო ორი გუნდი ევროლიგას დაემშვიდობა. მეორე ჯგუფური ეტაპი იანვარში დაიწყება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული