ზაზა ფაჩულია: "მილუოკის" ხიბლი "ღრმა" სათადარიგოთა სკამია

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსი" თანაკონფერენციელ აუტსაიდერ "ფილადელფიას" ესტუმრა და მისსავე მოედანზე გამოუყვანა წირვა.

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებმა 20 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს - 97:77.

საერთოდ, გაცილებით საინტერესოა მატჩები, რომლებშიც გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე წყდება, მაგრამ რომელ კალათბურთელსაც უნდა ჰკითხოთ, გიპასუხებთ - საქმის პირველ მეოთხედში მოთავება მირჩევნიაო. სწორედ ასეთი ტკბილი ლუკმა აღმოჩნდა "ფილადელფია" "მილუოკისთვის" - პირველივე პერიოდში სტუმრები 27:11 დაწინაურდნენ. მატჩი კი ისე დასრულდა, გამარჯვებულის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ.

გაინტერესებთ, ვინ განაპირობა "ბაქსის" დამაჯერებელი გამარჯვება? შეკითხვის დასმა ასე უფრო მართებული იქნებოდა:
რამ განაპირობა? რამ და გუნდურმა თამაშმა - მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა 10 კალათბურთელი სრულად დატვირთა, ყველაზე ნაკლები, 15 წუთი იანის ანტეტეკუნმპოს ერგო. ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა და ნიშანდობლივია, რომ საკუთარი ანგარიში ათივე კალათბურთელმა შეივსო.

და მაინც, ვინ უკეთესად ითამაშა? პასუხს საიტ Bucksketball.com-ზე ვიღებთ, სადაც თითოეული კალათბურთელი სამ დონედაა დახარისხებული - A, B და C.

A დონის თამაში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა უჩვენა: ზაზა ფაჩულიამ, კრის მიდლტონმა (18 ქულა) და ბრენდონ ნაითმა (18 ქულა). აი, რა წერია ზაზას გასწვრივ:

"მას მერე, რაც ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ცენტრი ლარი სენდერსი შეცვალა, მეტად სტაბილურად გამოიყურება. განსხვავებული არც "ფილადელფიასთან" თამაში იყო, რომელშიც სამმაგ დუბლს წაეფლირტავა. ქართველ ცენტრს საშუალო დისტანციიდან ტყორცნებიც მისდიოდა, მოხსნებს არავის ანებებდა, პასებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

ნათელია, რომ ფაჩულია-ნაითის დუეტი გაცილებით ეფექტურია "პიკ ენდ როლისას", ვიდრე სენდერსი-ნაითისა. ზაზა და ბრენდონი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ერთობლივად ბევრ სასარგებლოს აკეთებენ.

"ფილადელფიასთან" ფაჩულიამ შეცდომების რაოდენობას უკლო, მაგრამ რამდენიმე დაკარგვა მაინც ჰქონდა, თუმცა მაშინ, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო."

ისღა დაგვრჩენია, ოქმში ფაჩულიას მონაგარი თავიდან ბოლომდე გადავიკითხოთ: 32 წუთი, 11 ქულა (10/5 ორქულიანი, 1/1 საჯარიმო), 12 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა, 4 შეცდომა, 5 ფოლი. ეს გახლდათ ზაზას მე-5 დაბლ-დაბლი მიმდინარე სეზონში, ხოლო 72-ე NBA-ში.

7 პასი მისთვის სეზონის საუკეთესო შედეგია, ამერიკულ კარიერაში შედეგიანი გადაცემების ზაზასეული რეკორდია - 8 ("ბრუკლინ ნეთსთან").

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ გუნდურობაზე გაამახვილა ყურადღება:

- "მილუოკის" ხიბლი "ღრმა" სათადარიგოთა სკამია. სეზონის მსვლელობისას ყველა კლუბშია ტრავმები, დანაკლისი, თუმცა სწორედ გუნდური გარჯისა და კარგი სათადარიგოების წყალობით ვთამაშობთ სტაბილურად. ერთს თუ არ წაუვა თამაში, მეორეს გამოსდის და, საერთო ჯამში, შედეგსაც ვიღებთ. ასევე უნდა განვაგრძოთ, სწორი თამაში პლეი ოფამდე მიგვიყვანს.

გამოცემა FOX Sports-ის ჟურნალისტს ზაზას შესახებ ვრცლად ესაუბრა "მილუოკის" მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი:

- ყველამ კარგად იცის, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ს "დიდებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. როცა ლიგის 11-წლიანი ვეტერანი პარკეტზეა, "ბაქსი" უკეთესად და უფრო ჭკვიანურად უტევს. ზაზა მაგარი კაცია. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია როგორც პარკეტზე, ისე მის გარეთ.

ამ ლიგაში, როცა საჭირო წუთებს მიიღებ სათამაშოდ, უნდა აჩვენო, რა შეგიძლია. ყველამ კარგად ვიცით, რომ Z-ს შეუძლია კარგი პასის გაკეთება, კარგი სროლა და მოხსნები, მაგრამ ახლა, როცა სათამაშო დრო გაეზარდა, ის ორმაგ დუბლებს აკეთებს და ფარზე თამაშის პრობლემას გვიხსნის.

19 მოგებით (18 წაგება) "ბაქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვისკონსინელები 9 იანვარს გამართავენ - "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას "ფილადელფიასთან" მატჩში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთელი საქართველო ამაყობს შენით, ზაზა. ასე გააგრძელე!
გულშემატკივარი
14:55 09-01-2015
0
წარმატებები ზაზას მეტი ყურადღება კალათბურთს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული