ვირტუსს წვეულება ვერ წაადგა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი
მონტეპასკი-ვირტუსი 90:82
ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი): 12 წუთი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 4 ფოლი.

კანტუ-მილანი 67:59
მანუჩარ მარკოიშვილს არ უთამაშია (ტრავმა)

ევროპაში საკალათბურთო სეზონი გუშინ, 2 იანვარს განახლდა. ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდებს სერიოზული გამომცდელები ჰყავდათ: "ვირტუსი" "მონტეპასკის" ესტუმრა, "კანტუმ" "მილანი" მიიღო. ორივე მეტოქე ევროლიგის წარმომადგენელია.

კანტუელებისა და მილანელების მატჩის საბოლოო ანგარიშს სტატისტიკაშიც იხილავდით.

იქვე წერია - მარკოიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მას ფეხის ცერი აქვს დაზიანებული.

ტრავმა სანიკიძესაც აწუხებს - იდაყვი აქვს ნატკენი, თუმცა "მონტეპასკისთან" მატჩში მან ხელშეხვეულმა
ითამაშა. იგი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, ვინც მატჩი ნახა, დაგვეთანხმება, რომ ტრავმა ჩვეულად თამაშში ხელს უშლის. ეს მის სათამაშო დროზეც ისახება - "მონტეპასკისთან" მოედანზე 12 წუთი გაატარა. ვერ ვიტყვით, რომ მთელი ძალით მოთამაშე სანიკიძე გუშინ შეაჩერებდა "მონტეპასკის", რომელმაც მატჩი სტაბილურად ჩაატარა და მეოთხე პერიოდის დასაწყისში 23-ქულიან უპირატესობას მიაღწია (82:79). მაშინ, როცა ყველას მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, უინსტონმა და კოპონენმა "ყუმბარმტყორცნები" მოიმარჯვეს, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს და სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანეს (71:82). მაგრამ, "მონტეპასკი" იმ მატჩის დამთმობი რომ არ იყო, ესეც ყველას მოეხსენებოდა.

უინსტონმა 26 ქულა ჩააგდო, კოპონენმა - 15. "მონტეპასკის" მთავარი მექულე ლავრინოვიჩი გახდა - 17 ქულა.

დეკემბრის ბოლოს "ვირტუსის" ხელმძღვანელობამ კალათბურთელებს დიდი წვეულება მოუწყო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვიქტორ სანიკიძეც ესწრებოდა.


ესპანეთის ჩემპიონატი
ლაგუნ არო-ალიკანტე 56:61
ნიკა ცქიტიშვილი (ლაგუნ არო): 13 წუთი, 3 მოხსნა, 1 ფოლი.

ვალიადოლიდი-გრან კანარია 73:70
ტორინ გრინი (გრან კანარია): 23 წუთი, 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი.

ხუვენტუდი-უნიკახა 89:85
ქუინტონ ჰოსლი (ხუვენტუდი): 22 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 4 ფოლი.

წარუმატებლად გახსნა 2011 წლის ესპანური ACB საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა. ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" შინ "ალიკანტესთან" წააგო, ხოლო ტორინ გრინის "გრან კანარია" სტუმრად ვალიადოლიდში დამარცხდა.

მწვრთნელმა ნიკას სათამაშო დრო შეუზღუდა, მხოლოდ 13 წუთი ათამაშა. საკმარისი დრო ერგო გრინს, სტატისტიკაც ნორმალური ჰქონდა (8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი), მაგრამ მისი მონაგარი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩვენი ნაკრების წევრები გუშინ სრული ფიასკოსგან ქუინტონ ჰოსლიმ იხსნა. მისმა "ხუვენტუდმა" მალაგის "უნიკახას" 89:85 აჯობა. ქუინტონმა გრინის მსგავსად 8 ქულა და 2 პასი მიითვალა.

კატალონიელები ("ხუვენტუდი" სწორედ იქაურია) სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან (8 გამარჯვება, 6 მარცხი). მომდევნო მერვე-მეთერთმეტე ადგილებს ოთხი გუნდი ინაწილებს, რომელთა შორისაა "ლაგუნ არო" და "გრან კანარია". ორივეს 7-7 მოგება-წაგება უწერია.


გერმანიის ჩემპიონატი
გისენი-ფენიქსი 76:92
ლაშა გამყრელიძე (გისენი): 8 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა, 5 ფოლი.



.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული