ზაზა ფაჩულია: უცხოელებისთვის ხაჭაპური, რატომღაც, პიცასთან ასოცირდება

AutoSharing Option
ხანდახან ჯერ კიდევ ხდება, რომ "ჯორჯიას" გაგონებაზე, ზაზა ფაჩულია აშშ-ის შტატიდან ჰგონიათ ხოლმე. და ეს მხოლოდ ქვეყნისა და შტატის სახელების მსგავსების ბრალი არ არის - ქართველმა კალათბურთელმა რვა წლის განმავლობაში ითამაშა ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში!

თუმცა, ასეთი შემთხვევა სულ უფრო და უფრო იშვიათია, ფაჩულიას ხომ არამხოლოდ ამერიკაში, მთელ მსოფლიოში იცნობენ და თავადაც უამრავი უცხოელი მეგობარი ჰყავს. როგორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებისა და Milwaukee Bucks-ის ცენტრი, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორია ზაზა ფაჩულია უცხოელების მასპინძლის ამპლუაში, ახლა გავიგებთ. თავდაპირველად კი, იმით დავინტერესდით,
როგორ შეხვდა ახალ წელს:

- 31 დეკემბერს კლივლენდში გვქონდა თამაში და მილუოკიში იმავე ღამეს დავბრუნდით. ასე რომ, ახალი წლის დადგომას წელსაც თვითმფრინავში შევხვდი... ბავშვობაში, ახალი წელი ჩემთვის სულ ოჯახში ყოფნასთან, სუფრასთან, მხიარულებასთან, საჩუქრებთან ასოცირდებოდა, მაგრამ პროფესიულ სპორტში და მით უმეტეს - NBA-ში გადაბარგების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად არის - შობასაც და ახალ წელსაც სულ თამაში, ქალაქიდან ქალაქში გადაფრენა გვიწევს.

მეთორმეტე წელია აშშ-ში ვარ, მე და ჩემი ოჯახი უკვე შევეჩვიეთ ასეთ გრაფიკს, მაგრამ ბავშვები...

როგორ გინდა, ბავშვს გააგებინო, რომელიმე ახალ წელს მაინც რატომ არ არის მამა სახლში (იცინის)?!

- სეზონის მსვლელობისას ამ მხრივ დაჩაგრული ხარ, მაგრამ როცა თავისუფალი დრო გაქვს და სამშობლოში ხარ? სად მიჰყავს ხოლმე ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმარი?
- ბოლოს, ამერიკელი სტუმარი მყავდა: თავიდან, ბუნებრივია, დედაქალაქით დავიწყეთ - ძველი თბილისი, აბანოთუბანი, პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ვაჩვენე, მცხეთაში წავიყვანე, კახეთიც დავიპყარით...

პირველ რიგში, სტუმარს ის უნდა აჩვენო, რასაც სხვაგან ვერ ნახავს, თორემ, ბარით და კლუბით უცხოელს რას გააკვირვებ (იცინის)?! ის ძველი უნდა აჩვენო, რაც შემოგვრჩა, რითიც ვამაყობთ, ამით დააინტერესო და გააკვირვო...

ძალიან კმაყოფილი დავრჩი სტუმრის რეაქციით - უზომოდ მოეწონა ყველაფერი, რაც საქართველოში ნახა. ჩვენი ყველა კუთხე თავისებურად ლამაზი და მდიდარია. ბევრი დრო არ გვქონდა და რადგან ყველაზე ახლოს იყო, კახეთით დავიწყეთ, თორემ ჩემს მშობლიურ სამეგრელოშიც უამრავი საინტერესო რამაა სანახავი, სვანეთშიც, იმერეთშიც და საქართველოს სხვა ნებისმიერ კუთხეშიც. რომ ვუთხარი, მხოლოდ მცირე ნაწილის ნახვა მოვასწარით-მეთქი, შემპირდა - აუცილებლად გესტუმრებით მომავალ წელსაცო...

- ნანახიდან ყველაზე მეტად რამ აღაფრთოვანა შენი სტუმარი?
- საქართველოს ბუნებამ, ქართულმა სამზარეულომ, ჩვენმა ტრადიციებმა! სანამ დააგემოვნებდა, კახეთში თავისი თვალით ვაჩვენეთ და გავაკეთებინეთ, როგორ იწვება მწვადი, ცხვება თონის პური, ივლება ჩურჩხელა და ა.შ. ასეთი რამ მანამდე არასდროს ენახა და გადაირია, ისე მოეწონა! ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს ძალიან სტუმართმოყვარე ხალხის სახელი გვაქვს და მართლაც ასეა - სტუმარს თან ვყვებით. უცხოელებისგან ეს ხშირად მსმენია!

- ქართული სამზარეულო ახსენე: ყველაზე მეტად რა მოსწონთ ხოლმე შენს უცხოელ სტუმრებს?
- ხაჭაპური ყველას მოსწონს და ამახსოვრდება, რადგან, მართალია, გემოთიც განსხვავდება და გარეგნულადაც, მაგრამ რატომღაც, მათთვის პიცასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ვერ ივიწყებენ ხინკალს და ქართულ ღვინოს - ეს სამი რამ ამახსოვრდებათ ყველაზე ხშირად. ისე კი, ჩვენი სამზარეულო ისეთი მრავალფეროვანია, რომელიმე კერძის გამორჩევა ძნელია!

კარგად დაემთხვა, რომ ჩემი ამერიკელი სტუმრის საქართველოში ყოფნის ბოლო დღეს "სუხიშვილების" კონცერტი იმართებოდა. ემოციებით დატვირთულს იმ კონცერტმა ბოლომდე "მოუღო ბოლო" - დილით მიფრინავდა, მაგრამ ქართული ცეკვისგან მიღებულმა ემოციამ მთელი ღამე არ დააძინა!

ქართული ცეკვა ჩვენშიც კი ყველა ნახვაზე აღფრთოვანებას იწვევს და უცხოელებს რა ემართებათ, ხომ წარმოგიდგენიათ?

- დღეს ღვინით ვინმეს გაკვირვება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ! სხვაგვარად არც შეიძლება, საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა. ქართული სახეობებიდან, შენს უცხოელ სტუმრებს ყველაზე მეტად რომელი მოსწონთ ხოლმე?
- ჩვენი ღვინო ყველას მოსწონს. იშვიათია, საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა სტუმარმა თან რამდენიმე ბოთლი ქართული ღვინო მაინც არ წაიღოს. ამას ტრაბახად ნუ ჩამითვლით - იმას ვამბობ, რასაც ვხედავ!

უფრო წითელი ღვინო მოსწონთ. თავად კი, ყველაზე ხშირად "ხვანჭკარას" ვატან ხოლმე, "საფერავიც" დიდი პოპულარობით სარგებლობს... სხვათა შორის, ამერიკელი სტუმარი რამდენიმე მუზეუმშიც მყავდა. ამა თუ იმ ექსპონატის ისტორიასა და სიძველეზე მეც ველაპარაკებოდი, მაგრამ ძალიან მესიამოვნა, ინგლისურენოვანი თარჯიმანი მუზეუმებშიც, ასევე, კახეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშიც რომ დაგვხვდა...

სხვათა შორის, ჩემი სტუმარი მხოლოდ სამი დღით აპირებდა დარჩენას, მაგრამ საქართველო ისე მოეწონა, გამგზავრება კიდევ ერთი კვირით გადადო და ჯამში, ათი დღე გამოუვიდა!

- უცხოელებს ქართული კერძების, ღვინის სახელების, გეოგრაფიული დასახელებების გამოთქმა და დამახსოვრება არ უჭირთ ხოლმე?
- საკმაოდ რთული სახელები გვაქვს და პირველივე ჩამოსვლაზე მათი დამახსოვრება უჭირთ, მაგრამ ვინც რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში, პირდაპირ ითხოვს ხოლმე - "კცჰაცჰაპური", "კჰინკალი" მინდაო (იცინის).

- ხანდახან, ალბათ, ჯერ კიდევ გხვდებიან ისეთი ადამიანები, ვისაც შენს სამშობლოზე - საქართველოზე არაფერი სმენია. ასეთ დროს როგორ იქცევი ხოლმე?
- ზოგს ჯორჯიის შტატიდან ვგონივარ და ვუსწორებ - საქართველოდან ვარ-მეთქი. თუ ისეთი ადამიანი შემხვდა, ვისაც "ჯორჯიაც" არაფერს ეუბნება, ვახსენებ აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, შავი ზღვას. თურქეთს და რუსეთს შორის მდებარე ქვეყანა ვართ-მეთქი.

- საქართველო... პირველ რიგში რა გახსენდება, როცა შენს სამშობლოს ახსენებენ?
- საქართველო ჩემი სახლია, ჩემი სამშობლოა, ყველანაირად ჩემია - თავისი კარგით და ცუდით!

ბედნიერი ვარ, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად რომ დამასახელეს. საზღვარგარეთ უამრავი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს და ასეთი აღიარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის!

აშშ-ში არამხოლოდ ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანასაც წარმოვადგენ. ყველაფერს ვაკეთებ, რათა ქართველები მშრომელ და პროფესიონალ სპორტსმენებთან ასოცირდებოდნენ!

ავტორი: რატი შელეგია
ინტერვიუს ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია ბიჭია და კარგი სპორცმენი ერთი ნაკლი ყველაა ააქვს მეგრელია :-(
0
Davlotsav Shens gamzrdels,ojaxs DA katsobas,koveltvis viamakeb kartveli ROM var shennairebis tskalobit.gaixare DA gamravldi!
zazas
00:45 20-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული