ესტონეთის თასი გიორგი ცინცაძისაა

AutoSharing Option
ბალტიის ლიგაში საახალწლოდ შესვენება გამოცხადდა, რითაც ისარგებლეს ესტონურმა კლუბებმა და ესტონეთის თასი გაითამაშეს. ნახევარფინალში გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ტტუ 76:65 დაამარცხა, ხოლო "რაკვერემ" ჩემპიონ "კალევს" სძლია - 82:74.

ნახევარფინალში ცინცაძე სასტარტო იყო, 23 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. "როკის" ბომბარდირი ტიმო ეიჩფუსი გახდა - 17 ქულა.

თასის გათამაშების გადამწყვეტ ეტაპს რაკვერემ უმასპინძლა, ამიტომ, "კალევის" მძლეველი "რაკვერესგან" ფინალშიც დიდ წინააღმდეგობას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. "ტარტუ როკმა" მასპინძლებს "კუდით ქვა ასროლინა" - 81:51.

ამ მატჩში გიორგი
ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა სათამაშო დრო საკმარისად ჰქონდა - 22 წუთი. დროის ამ მონაკვეთში მან 5-5 ქულა-პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. "როკის" სნაიპერი ამჯერად კალისტას ეზიუკვუ გახდა, რომელმაც 14-14 ქულა-მოხსნა გაიფორმა.

ასე და ამგვარად, "როკერებმა" ამ სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგეს - ბალტიის თასის შემდეგ ესტონეთის თასი აღმართეს. ბალტიის ლიგაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ესტონეთის ჩემპიონატში ცინცაძის გუნდი მთავარი ფავორიტია. ვნახოთ, "კალევს" ჩემპიონობას ჩამოართმევს თუ არა.



.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული