ზაზას ისტორიული რეკორდები - "მერჩივნა 0 ქულა, 0 მოხსნა მქონოდა, მაგრამ მატჩი მოგვეგო"

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსმა" და "ბრუკლინ ნეთსმა" მიმდინარე სეზონში მეორედ ითამაშეს სამოვერტაიმიანი მატჩი. ამჯერად ბრუკლინელებმა გაიმარჯვეს - 129:127. ძირითადი დროის ბოლო წამებისა თუ ოვერტაიმის გადამწყვეტი ტყორცნების აღწერა შორს წაგვიყვანს, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში უნდა გენახათ.

აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბოლო წამებზე ოვერტაიმებში ზუსტი ტყორცნებით გამოირჩნენ "მილუოკიდან" იანის ანტეტეკუნმპო და კრის მიდლტონი, ხოლო "ბრუკლინელმა" ჯო ჯონსონმა ორჯერ ანგარიშის გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო და მასპინძელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

* * *
ზაზა ფაჩულიამ კარიერის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი დიდი წვლილიც
იყო, სტუმრად "მილუოკიმ" კარგად რომ ითამაშა. წაგების მიზეზებზე საუბრისას ზაზამ აღნიშნა:

- სამი ოვერტაიმი ვითამაშეთ და 23 შედეგიანი გადაცემა მოგვიგროვდა. ეს ძალიან ცოტაა. თუ ძირითად დროში გუნდური თამაში მეტ-ნაკლებად კარგად გამოგვდიოდა, ოვერტაიმებში მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის იმედად ვიყავით. ამიტომაც დავმარცხდით.

* * *
ვიდრე ფაჩულიას მონაგარს შემოგთავაზებდეთ, მისი გარჯის შეფასება გამოცემა "სპორტს ილუსტრეიტედს" მივანდოთ, რომელიც ყოველი მატჩის შემდეგ კალათბურთელებს დონეებად ახარისხებს.

A დონე ყველაზე "მაგარია", მაგრამ ზაზას თამაში ასე იყო შეფასებული: A+. ერთ აბზაცში ვკითხულობთ:

"როცა 33 წლის განმავლობაში აუღებელ NBA-ს რეკორდს უახლოვდები, A+ გეკუთვნის! შეტევაში ბურთის 18-ჯერ მოხსნა იოლი საქმე არ არის, ამისთვის საჭიროა საოცარი მონდომება და ღონე. თუმცა ფაჩულია მხოლოდ შეტევითი მოხსნებით როდი გამოირჩა, დაცვაშიც მტკიცედ იდგა და შეტევისას ქულას-ქულაზე აგროვებდა. იგი საღამოს საუკეთესო ჩაჭრის შემოქმედიც გახდა, რის შემდეგაც სწრაფად გადაკვეთა მოედნის ცენტრალური ხაზი და ეფექტურადაც ჩატენა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
დროა, ციფრებსაც მივხედოთ: 40 წუთი, 22 ქულა (16-დან 9 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 21 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა.

18 შეტევითი მოხსნა NBA-ს ისტორიაში მესამე მაჩვენებელია, 21-ე საუკუნეში კი - პირველი.

აბსოლუტური რეკორდი მოუზეს მელოუნს ეკუთვნის - 1982 წელს მეტოქის ფარზე 21-ჯერ მოხსნა, მანვე, 1979 წელს 19-ჯერ მოხსნა, რაც მეორე მაჩვენებელია.

ფაჩულიამ "ბრუკლინთან" 18 შეტევით მოხსნას 3 დაცვითი მიამატა და 21 მოუგროვდა, რაც მისი პირადი, აბსოლუტური რეკორდია. მანამდე მას 20 მოხსნა სამი წლის წინათ "იუტასთან" ოთხოვერტაიმიან მატჩში ჰქონდა.

22 ქულაც ბოლო რვაწლეულის პირადი რეკორდია. ზაზას 2007 წლის შემდეგ 19 ქულაზე მეტი არ ჰქონდა ჩაგდებული. მისი აბსოლუტური რეკორდი 27 ქულაა - 2007 წლის 7 მარტს "ვაშინგტონს" ჩაუგდო.

რაც შეეხება 7 შედეგიან გადაცემას, ესეც ტოპ-მაჩვენებელია, ოღონდ ცოტა "მოკრძალებული" - მიმდინარე სეზონის რეკორდი.

* * *
მატჩის შემდეგ ზაზას საკუთარ მონაგარზე რომ ჰკითხეს, მოკლედ მოუჭრა:

- ჩემს სტატისტიკას მოგვიანებით შევათვალიერებ, გუნდური ტიპის კალათბურთელი ვარ და ჩემთვის მთავარი არა პირადი მონაგარი, არამედ "მილუოკის" გამარჯვებაა. მოგება განსაკუთრებით "ბრუკლინთან" გვჭირდებოდა. მერჩივნა 0 ქულა, 0 მოხსნა მქონოდა, მაგრამ მატჩი მოგვეგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული