ბექა ბურჯანაძის 21-მა ქულამ "ლეიმა ბასკეტს" "ოვიედოსთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ ზედიზედ მეორე მატჩში 20-ქულიან ბარიერს უწია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ესპანეთის მეორე დივიზიონში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა. მისი "ლეიმა ბასკეტი" "ოვიედოს" მასპინძლობდა და ბურჯანაძის ქებული თამაშის მიუხედავად, დამარცხდა.

ლაკორუნიელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. პლეი ოფში მოსახვედრად მინიმუმ მე-9 ადგილზე გასვლაა საჭირო, ბურჯანაძის გუნდი კი ამ ტურამდე მე-10-ზე იყო და მეტოქედ ერთი საფეხურით დაბლა მყოფი გუნდი ჰყავდა.

ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. მას ხეირიანად მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და ლაკორუნიელები დაძაბულ ბრძოლაში - 78:84 დამარცხდნენ.

წინა ტურში,
"ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად "ხუვენტუდი" რომ დაამარცხა, ბურჯანაძემ 20 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორედ უწია 20-ქულიან ნიშნულს, რაც ესპანეთის საკმაოდ მაღალი დონის ოქროს ლიგაში გამორჩეული შედეგია. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად, ქართველ ლეგიონერს 5 მოხსნაც დაუგროვდა.

ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა საბოლოოდ 17 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ლაკორუნიულ გუნდში ბექას შემდეგ საუკეთესო შედეგი ამერიკელ კაილ როულის ჰქონდა, რომელმაც 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია.

ამ წაგებით "ლეიმა ბასკეტი" მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ ტურში ლაკორუნიელები სტუმრად პლანასას დაუპირისპირდებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული