"ბაქსმა" "ბულსი" მაინც ჩაჭრა - ზაზა ფაჩულიას აბსოლუტური რეკორდი

AutoSharing Option
2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა ხომ გახსოვთ? - 4 მარცხის წილ 1 გამარჯვება ჰქონდა, თუმცა გუნდმა არ იბრძოლაო, არავის დასცდენია. იყო მატჩები, გამარჯვებამდე თითო-ოროლა ტყორცნა დააკლდა. ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსიც" სწორედ ასე იბრძვის "ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ.

ჩიკაგოელებს შედარებით გამოცდილი გუნდი ჰყავთ, თუმცა მილუოკელებს ცოტა რომ გამართლებოდათ, სერიაში ანგარიში, როგორც მინიმუმ, საყაიმო იქნებოდა. თავად განსაჯეთ: ჩიკაგოში საწყისი ორი მატჩის თანაბარ ბრძოლაში წაგების შემდეგ შინ დაბრუნებულმა "ბაქსმა" სერიის მესამე შეხვედრაში ორი ოვერტაიმი ითამაშა და საბოლოოდ 106:113 დათმო.

მეოთხე მატჩში კი მთელ
მსოფლიოს დაანახვა, რომ სერიის მშრალად წაგებას არ იმსახურებს.

მილუოკელებმა ბოლო წამებზე განხორციელებული მოულოდნელი კომბინაციის წყალობით 92:90 იმარჯვეს და სერიაში სხვაობა ორამდე შეამცირეს - 1:3.

* * *
ოროვერტაიმიან მატჩში რამდენიმე მეტად საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ. დავალაგოთ ისინი ქრონოლოგიის მიხედვით:

მეორე პერიოდი
4:54 წუთი დასრულებამდე: ჯარედ დადლის სამქულიანის შემდეგ "მილუოკი" 18 ქულის სხვაობით დაწინაურდა (49:31).

1:00 წუთი დასრულებამდე: "ბაქსის" მწვრთნელებმა სათადარიგოებს სასტარტოები შეანაცვლეს და მასპინძელთა მუხტიც უმალ გაქრა. ჯიმი ბატლერის ორქულიანის შემდეგ "ბულსმა" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 49:51.

მეოთხე პერიოდი
2:50 წუთი დასრულებამდე: ჩიკაგოელმა ტონი სნელმა ორი სამქულიანით თანაგუნდელებს თითქოს გამარჯვება დაუბევა - 94:84, თუმცა "მილუოკი" არ დანებდა.

0:10 ძირითადი დროის დასრულებამდე: კრის მიდლტონმა ორ საოცარ სამქულიანს ერთი ორიანი მიაყოლა და "ბაქსი" წინ გაიყვანა - 95:94. თუმცა დარჩენილ დროში დერეკ როუზმა ერთი ჯარიმა ჩააგდო და - ოვერტაიმი.

დამატებით დროში ყველა ქულა მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ ქრონოლოგიაზე უარი ვთქვათ, უბრალოდ, ის უნდა დაიწეროს, რომ მეორე ოვერტაიმში დერეკ როუზს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მატჩიც პირადად მოიგო - 113:106.

როუზის ანგარიშზე 34 ქულა დაფიქსირდა, ხოლო "მილუოკის" ბომბარდირი იანის ანტეტოკუნმპო გახდა (17 ქულა), მიდლტონს 18 ჰქონდა. ზაზას სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 დაფარება, 2 ფოლი.

* * *
სერიის მეოთხე მატჩის წაგება სეზონის დასრულებას ნიშნავდა, ამიტომ "ბაქსის" კალათბურთელები მოედანზე საოცრად მობილიზებულები გავიდნენ. ეს დაცვაში თამაშშიც გამოჩნდა - ჩიკაგოელებს შეცდომას შეცდომაზე აშვებინებდნენ. ზაზა ფაჩულია ბურთებს ისე ჭრიდა, ცეცხლოვან გამთამაშებლებსაც შეშურდებოდათ. საერთო ჯამში, ქართველმა ცენტრმა 6 ჩაჭრა მიითვალა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

საბოლოოდ, "ჩიკაგომ" 26 შეცდომა დაუშვა, რაც ასეთი გამოცდილი გუნდისთვის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია. "მილუოკის" 13 დაკარგვა ჰქონდა.

შეცდომები აღარც მწვრთნელებმა გაიმეორეს: როგორც მოგახსენეთ, წინა შეხვედრაში სათადარიგოებმა გაცილებით კარგად ითამაშეს. მწვრთნელები მიხვდნენ - მათთვის შანსი მეორე შეხვედრაში უნდა მიეცათ. ასეც მოიქცნენ და არც შემცდარან - მეოთხე პერიოდი გუნდმა თავიდან ბოლომდე სათადარიგო ოთხეულით ჩაატარა (მათ მხოლოდ ერთი სასტარტო, კრის მიდლტონი ეხმარებოდათ).

გამთამაშებელი ჯარედ ბეილესი კარტერ-უილიამსზე გაცილებით სხარტად მოქმედებდა, ხოლო ოჯეი მეიომ საკუთარი სნაიპერული მონაცემები კიდევ ერთხელ გამოავლინა - 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მან მეოთხე სამიანი მატჩის დასრულებამდე 1:42 წუთით ადრე გამოიყენა (90:84 "მილუოკის" სასარგებლოდ). თუმცა "ბულსმა" დანებება არ ისურვა, ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა - 90:90.

საფინალო სირენამდე 1.3 წამი იყო დარჩენილი და ყველა ოვერტაიმს ელოდა, რადგან ასეთ მოკლე დროში ძალიან რთულია გააზრებული კომბინაციის განხორციელება, ბურთი უნდა მიიღო და უმალ სტყორცნო, რასაც ჩიკაგოსებრი გამოცდილი გუნდი თავისუფლად არ დაგანებებს.

...მაგრამ "ბაქსს" კომბინაცია ზედმიწევნით კარგად გამოუვიდა: გვერდითი ხაზიდან ბურთი ჯარედ დადლიმ შეიტანა, ყველა მილუოკელი პერიმეტრისკენ გაიქცა, თუმცა ერთი მათგანი, ჯარედ ბეილესი უკან შებრუნდა, დადლის გადაცემა ფარქვეშ მიიღო და საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების ორქულიანიც ჩააგდო - 92:90.

დადლი - 13 ქულა, ბეილესი - 10, მეიო - 10. "ხარებში" კი ბატლერი იყო შეუჩერებელი - 33 ქულა. ზაზა ფაჩულია: 22 წუთი, 8 ქულა, 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა, 1 პასი, 1 შეცდომა, 3 ფოლი.

* * *
აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალური სერიის მეხუთე მატჩს "მილუოკი" ჩიკაგოში 28 აპრილს, თბილისის დროით დილის 4 საათზე ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაში ჩაჯ..მდეა?
status quo
17:35 27-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული