ზაზა ფაჩულიას მე-11 სეზონის დასასრული NBA-ში - "მილუოკიმ" ფარ-ხმალი დაყარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასთვის NBA-ს სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის "მილუოკიმ" საპლეიოფო სერიაში "ჩიკაგოსთან" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. სერიის მე-6 შეხვედრა მილუოკელებმა შინ წააგეს და მათთვის სეზონი დასრულდა.

წაგებაცაა და წაგებაც. "მილუოკიმ" კინაღამ ანტირეკორდით დაასრულა სეზონი. ზაზა ფაჩულია 8 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. ანუ გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, რადგან 8 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ეს იყო მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, როცა "მილუოკის" წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონია. "ბაქსმა" შეხვედრა უიმედოდ, ანგარიშით 66:120 წააგო.

4 ქულაც სხვაობაში და "მილუოკი" გაიმეორებდა
1956 წელს "სენტ ლუისის" მიერ დამყარებულ პლეი ოფში მარცხის ანტირეკორდს, რომელმაც 59 წლის წინ "მინესოტასთან" 75:133 წააგო. საკუთრივ "მილუოკის" 54-ქულიანი მარცხი პლეი ოფის საშინაო შეხვედრაში წაგების ანტირეკორდია.

ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. მილუოკელთა სასტარტო ხუთეულიდან ფაჩულიაზე მეტი - 26 წუთი მხოლოდ კრის მიდლტონმა ითამაშა.

მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ყველას თითქმის თანაბრად გადაუნაწილა სათამაშო დრო, რადგან მესამე მეოთხედის ახალდაწყებულზე უკვე ცხადი იყო, რომ "მილუოკი" წაგებას ვერ ასცდებოდა.

ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სეზონის უკანასკნელ მატჩში ზაზას 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. მიუხედავად პლეი ოფის სერიის ბოლო მატჩში განადგურებისა, ფაჩულიამ და მისმა "მილუოკიმ" სეზონი ღირსეულად დაასრულეს. მთლიან სეზონთან ერთ მატჩს შედარება არ ეგების. ფაჩულიას გუნდმა წინა, 2013-14 წლების სეზონი ბოლო ადგილზე, NBA-ს 30 გუნდში ყველაზე უარესი შედეგით დაასრულა, ხოლო მომდევნო, მილუოკელთათვის აწ უკვე დასრულებულ სეზონში გუნდმა პლეი ოფში გასვლა მოახერხა.

ასეთი "ნახტომი" თავისებური რეკორდია, რომელიც ბოლოს, 2008 წელს "მაიამიმ" მოახერხა, როცა ჩაფლავებული წინა სეზონის შემდეგ პლეი ოფში გავიდა.

დიდი მადლობა ზაზა ფაჩულიას იმ სიხარულისთვის, რომელსაც ის მთელი სეზონის განმავლობაში არ აკლებდა ქართული კალათბურთისა და მის პირად ქომაგებს. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ ზაზამ 20 მარტს, "ბრუკლინთან" 3-ოვერტაიმიან მატჩში მეტოქის ფარზე 18 ბურთი (ჯამში 21) მოხსნა და ამით NBA-ს ისტორიაში შევიდა და ისეთი ტიტანების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიც მოუზეს მელოუნი და დენის როდმანი არიან.

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ფაჩულია ერთ-ერთი სამაგალითო და თავდადებული მოთამაშეა. ზაზამ 2014-15 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 73 მატჩი ითამაშა, საიდანაც 45-ში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში საშუალოდ 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებლებია, თუმცა ისინი სრულად ვერ ასახავს იმ დიდ როლს, რომელსაც ფაჩულია "მილუოკიში" ასრულებდა. ზაზა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ და გუნდის წარმატებასაც დიდად განაპირობებდა.

კიდევ უფრო დიდი როლი ფაჩულიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აკისრია - ის გუნდის კაპიტანი და უპირობო ლიდერია. ის ნაკრებში NBA-ში ჩატარებული უძლიერესი სეზონით და უდიდესი მოტივაციით მოდის. ფაჩულია ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე უკაპიტნებს, რომელიც 5 სექტემბერს ხორვატიაში დაიწყება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა ზაზას !
პოზიტივისთვის მადლობა სტატიის ავტორს !
სააკაძე
09:45 01-05-2015
0
შენ გენაცვალე ზაზა!
dato
10:03 01-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული