ზაზა ფაჩულიას 1-მა ტორონტოს 101-ს აჯობა

AutoSharing Option
...და მაინც რა სხვაობაა NBA-სა და ევროპულ კალათბურთს შორის, რატომ მიილტვის ყველა მაინცდამაინც ამერიკისკენ, NBA-ს თაფლი უსვია თუ?!

ასეთი აზრი შეიძლება ევროლიგის რომელიმე საინტერესო მატჩის შემდეგ გაჩენილა, თუმცა ვინც "ტორონტო"-"ატლანტას" შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ ამერიკული კალათბურთი ევროპულისგან ჯერაც წინაა. ევროპაში თავგამოჩენილები NBA-ში მიდიან, თუმცა ერთეულები ქმნიან ამინდს. მაგალითად, იტალიელმა ანდრეა ბარნიანიმ "ატლანტას" კალათისკენ მაღალი შედეგიანობით ისროლა - 26 ქულა ჩააგდო. ამავე მატჩში 9 პასი შეასრულა (11 ქულა) "ტორონტოს" ესპანელმა გამთამაშებელმა ხოსე კალდერონმა. თუმცა მატჩის ბოლო 7 წუთში "ტორონტოელი" "დინოზავრების" წინააღმდეგ
ხუთი ატლანტელი ვარსკვლავი დადგა (ბიბი, ჯონსონი, კროუფორდი, სმიტი, ჰორფორდი), წინაისტორიულ "რეპტილიასაც" კისერი მოუგრიხა და თამაშიც თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

რაც მათ გააკეთეს, სწორედ ამით გამოირჩევა NBA სხვა ლიგებისგან: სირენამდე 5 წუთით ადრე შეუჩერებელმა ტორონტოელმა ლეანდრო ბარბოსამ თანაგუნდელები 3 ქულით დააწინაურა, თუმცა საპასუხო შეტევაში ჯო ჯონსონისგან სამქულიანი მიიღო (ეს მისი პირველი რეალიზებული შორეული ტყორცნა იყო). გავიდა სამი წუთი და ბარნიანის სიზუსტის წყალობით მასპინძლები 95:91 დაწინაურდნენ. სირენამდე 1:43 წუთით ადრე 4-ქულიანი ჩამორჩენა იოლი აღმოსაფხვრელი როდია, მაგრამ როცა საქმე ჯამალ კროუფორდთან გვაქვს, აქ სირთულეზე ლაპარაკი ზედმეტია - მეტოქის ნახევარზე ფეხი კარგად არც ჰქონდა გადადგმული, როცა მოულოდნელად კალათის მიმართულებით ისროლა და, რა თქმა უნდა, ჩააგდო (94:95).

- ნამდვილად არ მეგონა, ჯამალი მოედნის ცენტრიდან თუ ისროდა, მით უმეტეს, თუ სამ ქულას მოგვიტანდა, - გამოტყდა ნამატჩევს "ატლანტას" მწვრთნელი ლარი დრიუ, რომლის გუნდი ბოლო წამებამდე წაგების საშიშროების წინაშე იდგა - მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე 99:101-ს აგებდა. მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჯორჯიელებმა კომბინაციურ აბლაბუდას, მარტივი მოქმედება ამჯობინეს: გვერდითი ხაზიდან ბურთი გადააწოდეს მაიკ ბიბის, რომელმაც რთული პოზიციიდან სამქულიანი დაუფიქრებლად ისროლა. ბურთიც დაუზარელად ჩაეშვა კალათში - 102:101. ის, რასაც ბოლო წუთებზე ბიბი, ჯონსონი და კროუფორდი სჩადიან, მხოლოდ ნიჭითა და შრომით არ მიიღწევა, ამისთვის საჭიროა NBA-ში წლების განმავლობაში თამაში.

არ გამიწყრეთ, თუ "ატლანტელთა" მისამართით გადამეტებულად ვილაპარაკე, მატჩი ხომ გუშინ გამთენიისას დამთავრდა, მიმოხილვაც დილას დავწერე. "ატლანტამ" თამაში აშკარად გამოასწორა (ეს შედეგებიდანაც ჩანს - 2011 წელს ექვსივე მატჩი მოიგო), თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს, რომლის გამოსწორება პლეი ოფებამდე მართებს: "ატლანტა" ძირითადად პერიმეტრიდან და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით აღწევს მიზანს. მეტი მრავალფეროვნებისა და შედეგიანობისთვის სამწამიანი ზონიდან ქულების მოხვეჭაც აუცილებელია. ამ საქმისთვის მწვრთნელს ბევრი ძიება არ დასჭირდება - ზაზა ფაჩულიამ უკვე დაამტკიცა, რომ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეზულტატური ცენტრია. თუმცა, მისი შედეგიანობის გასაზრდელად აუცილებელია ლარი დრიუმ რამდენიმე კომბინაცია ფაჩულიაზე ააწყოს და შეგირდებს ზაზასთვის პასის მიცემა დაავალოს. ამით ჩვენც ვისიამოვნებთ და "ატლანტაც" იხეირებს.

"ტორონტოსთან" ფაჩულია უმთავრესად შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული და კარგადაც გამოსდიოდა. მან 16:33 წუთში 6 მოხსნა მოაგროვა.

"ატლანტა" მომდევნო მატჩს 15 იანვარს შინ ჰიუსტონთან ჩაატარებს.

ტორონტო-ატლანტა 101:104
ზაზა ფაჩულია: 16:33 წუთი, 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
02:33 ზაზამ სმიტი შეცვალა
01:30 ორქულიანი: არაზუსტი
00:34 ფოლი: 1
00:09 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:04 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 27:21)
II პერიოდი
11:21 შეცდომა: 1
10:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
08:18 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
05:56 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
05:07 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
05:00 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 46:42)
02:03 ფოლი: 2
01:29 მოხსნა: შეტ-3, დაც-1
01:00 პაუელმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:34 ზაზამ ბიბი შეცვალა
00:11 ფოლი: 3
IV პერიოდი
10:04 მოხსნა: შეტ-3, დაც-2
09:43 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
09:12 სმიტმა ზაზა შეცვალა







.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული