ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

AutoSharing Option
დღემდე ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ოთხ ქართველ კალათბურთელს უთამაშია, ნიკა ცქიტიშვილს, ვლადიმერ ბოისას, ვიქტორ სანიკიძესა და თორნიკე შენგელიას. 

ამ სიას შეიძლება კვირას მეხუთე ქართველი დაემატოს - სევილიურ "კახასოლთან" ერთად "ბისკაიასთან" მატჩისთვის ემზადება ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძე (1994 წელსაა დაბადებული, 200 სმ სიმაღლისაა). იგი სევილიელთა ახალგაზრდული გუნდის წევრია და ება-ს ლიგაზე ეფექტური შედეგიანობითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელმა ხოან პლაზამ ბექას მთავარ გუნდში გადაყვანა გადაწყვიტა. ამ ამბავს გაზეთმა "დიარიო დი სევილიამ" სტატია მიუძღვნა, სახელწოდებით "ფაჩულიას ნათესავი "კახასოლში":

"სევილიურ კახასოლში აქამდე
საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობდა - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ტაირონ ელისი. პირველმა გუნდი 2007 წელს დატოვა, ხოლო ტაირონი "ესტუდიანტესში" "კახასოლიდან" შარშან გადავიდა.

ამიერიდან ასპარეზზე ახალგაზრდა ქართველი, ბექა ბურჯანაძე გამოდის. იგი სევილიურ კლუბში 15 წლის ასაკში ჩაირიცხა. "კახასოლის" ხელმძღვანელობამ ბურჯანაძე საქართველოს კადეტთა ნაკრებში წარმატებული გამოსვლის შემდეგ შენიშნა. ესპანეთში იგი შარშან ჩამოვიდა და სწრაფ პროგრესს განიცდის. ეს მხედველობიდან არ გამორჩენია "კახასოლის" თავკაც ხოან პლაზას, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი პირველ გუნდში მიიწვია. ბექა კვირას, "ბისკაიასთან" მატჩში ტრავმირებულ ტარიკ კირკსეის შეცვლის.

ბურჯანაძე ცნობილი ქართველი კალათბურთელის, "ატლანტა ჰოქსის" ცენტრის ზაზა ფაჩულიას ნათესავია."

ისღა დაგვრჩენია, კვირის მატჩს დაველოდოთ. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ბექა 16 იანვარს "ბისკაიასთან" სტუმრად გასამართ შეხვედრაში.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული