თორნიკე შენგელიას 10 ქულა და "უნიკახასთან" გათანაბრებული სერია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ რაუნდში ანგარიში გაათანაბრა. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და შენგელიას "ლაბორალ კუჩამ", პირველი მატჩის სრუმრად წაგების შემდეგ, მეორეში იმარჯვა და საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა.

"ლაბორალ კუჩას" მეტოქე მალაგის "უნიკახაა", რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას ფლობს.

სერიის მეორე მატჩი ვიტორიაში გაიმართა და ის მასპინძლეთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე ჩამთავრდა. "ლაბორალ კუჩამ" საწყისი მეოთხედი 20:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა - 49:36. მეორე ტაიმში ვიტორიელებმა უპირატესობა
ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს - 92:82.


შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში 15:25 წუთი გაატარა და შეტევაში შედეგიანობით გამოირჩა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 10 ქულა დს 4 მოხსნა დაგროვდა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ვიტორიელებმა გუნდურად ითამაშეს, გამარჯვებულებს განსაკუთრებულად გამორჩეული მოთამაშე არ ჰყოლიათ. ფერნანდო ან ემეტერიო 19 ქულით ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით საუკეთესო ფაბიენ კოსიე (13 ქულა, 4 პასი) იყო, შემდეგ კი 12 ქულისა და 7 მოხსნის მომგროვებელი კიმ ტილი მოდის.

"უნიკახაში" 14-14 ქულით საუკეთესონი სტეფან მარკოვიჩი და ჯაისონ გრეინჯერი იყვნენ.

სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 1 ივნისს, მალაგაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული