17 წლის ქართველმა ესპანეთის უმაღლესში ჩააბარა!

AutoSharing Option
ზუსტად ორი წლის წინათ, 13 იანვარს 17 წლის თორნიკე შენგელიამ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში "ვალენსიას" მაისურით პირველად ითამაშა. თითქმის იგივე განმეორდა გუშინ - 17 წლის ბექა ბურჯანაძეს "კახასოლის" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. მხოლოდ თარიღებშია სამდღიანი სხვაობა - შენგელიამ 13 იანვარს ითამაშა, ბურჯანაძემ 16 იანვარს.

მას მერე ახალგაზრდა თორნიკე საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულის წევრად იქცა. ბექას შრომისმოყვარეობის იმედიც გვაქვს და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ნაკრებში ისიც ითამაშებს, მაგრამ დღეს სხვა თემაზე გვაქვს საწერი - ესპანეთის ჩემპიონატში ბურჯანაძის დებიუტზე.

სევილიელები ბასკურ "ბისკაიას"
ეწვივნენ და დაძაბულ ბრძოლაში 91:77 დამარცხდნენ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, 14 ქულით წაგებას დაძაბულს რატომ უწოდებთო. საქმე ისაა, რომ მატჩის საწყისი სამი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეოთხე კი მასპინძლებმა 8 ქულის სხვაობით (24:16) მოიგეს.

ბექა ბურჯანაძე "კახასოლის" მწვრთნელმა, ხოან პლაზამ მოედანზე პირველივე მეოთხედში შეუშვა, თუმცა მალევე გამოცვალა. ქართველ ფორვარდს 35 წამით მოუწია თამაში (ვერაფერი მოასწრო). თუმცა, მთავარი არა დრო, არამედ ფაქტია - 17 წლის ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 ნომრით შეაბიჯა.

"ბისკაიასთან" შეხვედრის შემდეგ ბექას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ბილბაოს "ბისკაიასთან" 35 წამი ვითამაშე. "კახასოლში" დებიუტით გაცილებით გახარებული ვიქნებოდი, ეს მატჩი რომ მოგვეგო, - გვითხრა ბექამ.

- ემოციური თვალსაზრისით როგორი იყო 17 წლის ახალგაზრდისთვის ესპანეთის უმაღლესი ლიგის მატჩში მონაწილეობა?
- საოცარი გრძნობა იყო. ვერ ვიტყვი, არ ვღელავდი-მეთქი, მაგრამ მოედანზე რომ გავედი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ნამდვილად არ მინერვიულია, თავს კარგად ვგრძნობდი.

- რომელ წუთზე შეხვედი?
- მწვრთნელმა პირველი პერიოდის ბოლოს მითხრა, მინდას კატელინასი (ლიტველი) შეცვალეო. თამაშში ჩავერთე, ერთ შეტევაში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დაცვაში დავდექი და სულ ეს იყო... ალბათ, მწვრთნელი უმაღლეს ლიგას ნელ-ნელა მაჩვევს. თუ შანსი მომეცემა, ვეცდები, თავი კარგად წარმოვაჩინო.

- მწვრთნელი, ხოან პლაზა როგორია ურთიერთობაში?
- სერიოზული მწვრთნელია. მომწონს. ის ხომ "კახასოლამდე" მადრიდის "რეალს" წვრთნიდა.

- პირველ გუნდში კირკსეის ტრავმის გამო გადაგიყვანეს. მის გამოჯანმრთელებამდე, ალბათ, კიდევ მოგიწევს პირველ გუნდში თამაში.
- "კახასოლთან" ერთად მადრიდში ჩავალ და იქ მოვემზადებით ევროთასის მეორე ეტაპის მატჩისთვის - 18 იანვარს "პანელინიოსს" ვეთამაშებით. საბერძნეთში მადრიდიდან ხვალ დილას (დღეს - ავტორი) გავფრინდებით.


***
18 იანვარსვე ტორინ გრინის "გრან კანარია" ევროთასზე რუსულ "უნიქსს" ეწვევა. მანამ კუნძულელებმა ესპანეთის ჩემპიონატში მალაგის "უნიკახასთან" სტუმრად ითამაშეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს - 67:50.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი, გრინი სასტარტო ხუთეულში იყო, 18 წუთში 8 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კანარელთაგან 10-ბალიან ზღურბლს მხოლოდ ბელასი ასცდა - 12 ქულა მიითვალა.


***
ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" "ბარსელონა" მიიღო და ბოლო წამებზე 75:78 წააგო. ნიკას არ უთამაშია.


***
მეორე კატალონიურმა გუნდმა, "ხუვენტუდმა" "სარაგოსა" დაამარცხა - 84:80.

გამარჯვებულთა შორის გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.


***
ნაკრების ყოფილმა მსროლელმა ტაირონ ელისმა "ვალენსიასთან" სტუმად გამართულ შეხვედრაში 13 წუთში 6 ქულა ჩააგდო. მისმა "ესტუდიანტესმა" 74:66 მოიგო.

"ლაგუნ აროს", "კახასოლს" და "ესტუდიანტესს" ორი რამ აქვთ საერთო: მათში ქართველთათვის საინტერესო კალათბურთელები თამაშობენ და მეორე - სადღეისოდ სამივეს 7-7 მოგება და 10-10 წაგება უწერიათ. ისინი სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე-მეცამეტე ადგილებს ინაწილებენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული