ვიქტორ სანიკიძე - 11 ქულა და 10 მოხსნა 17 წუთში

AutoSharing Option
ბოლონიის "ვირტუსის" ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იდაყვის ტრავმის მოშუშების შემდეგ გაორმაგებული ენერგიით ათამაშდა. მან იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში სტუმრად "ტერამოსთან" 17 წუთი ითამაშა და დროის ამ მცირე მონაკვეთში ორმაგი დუბლის შესრულება მოასწრო: 11 ქულა, 10 მოხსნა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მან მონაგარი 1 დაფარებით შეივსო. მაშინ, როცა ვიქტორი ორჯერ დაჯარიმდა, ტერამოელებმა მასთან ბრძოლაში 6 პერსონალური შენიშვნა მიიღეს.

ვიქტორ სანიკიძის გარჯა გამოცემა "ბასკეტნეტში" 7 ბალითაა შეფასებული, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. ამავე გაზეთში ვკითხულობთ: "ქართველმა დიდი
გავლენა მოახდინა მატჩის მსვლელობაზე. სანიკიძე მეტოქეებზე ერთი ნაბიჯითა და ერთი ხელის გაწვდენით წინ იყო. სწორედ ეს განასხვავებდა "ვირტუსს" "ტერამოსგან".

ქართველი ფორვარდის გარჯა მით უფრო დაფასდა, რომ მისმა გუნდმა სტუმრად "ტერამო" დაამარცხა - 62:55. მესამე პერიოდის წინ ბოლონიელები სულაც 57:39-ს იგებდნენ.

ამ გამარჯვებით "ვირტუსმა" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა (8 მოგება, 7 წაგება) და თასის გათამაშების საგზური მოიპოვა (ტოპ-რვაეული ითამაშებს). ეს შეჯიბრება 10-13 თებერვალს ტურინში გაიმართება. მეოთხედფინალში "ვირტუსი" "მონტეგრანაროს" დაუპირისპირდება, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" - "ბიელას".

აქვე გეტყვით, რომ კანტუელებმა ჩემპიონატის მე-15 ტურში "ვარეზესთან" სტუმრად ითამაშეს და 65:82 დამარცხდნენ. მანუჩარს ტრავმის გამო არ უთამაშია. იგი ფეხის ცერს იშუშებს.

როცა იტალიელმა ჟურნალისტებმა "კანტუს" თავკაც ანდრეა ტრინჩიერის მანუს უთამაშებლობის მიზეზი ჰკითხეს, მწვრთნელმა უპასუხა:

- მარკოიშვილი სათამაშოდ ბოლომდე არ არის მზად. ნამდვილად არ გვსურს გავრისკოთ და ერთი მატჩის გამო ტრავმა გავუმიზეზოთ.

მწვრთნელის თქმით, მანუმ შეიძლება მომდევნო ტურში ბოლონიის "ვირტუსის" წინააღმდეგ ითამაშოს. ეს მატჩი 23 იანვარს გაიმართება. სადღეისოდ "კანტუ" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა (10 მოგება, 5 წაგება).





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული