- ამ შეხვედრის მოგება ჩვენს გეგმებში შედიოდა. "საკრამენტომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. საერთოდ, რთული დღე გვქონდა...
როგორც მიხვდით, "ატლანტას" დასავლეთის კონფერენციის აუტსაიდერ "კინგსთან" (9 მოგება 30 წაგება) გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა, "მეფეები" მეოთხე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ 9-ქულიან უპირატესობას, მაგრამ ძალამ აღმართი... უფრო სწორად ჯო ჯონსონმა თავისი გაიტანა და სტუმრებს მოგება იოლად არ დაანება.
ახლა ფურო კონკრეტულად: მესამე პერიოდი საკრამენტოელმა ტომპსონმა ორქულიანით დახურა - 82:73. მეოთხე პერიოდის დაწყებასთან ერთად გაორმაგებული ენერგიით ამოქმედდნენ მასპინძლები სმიტი და ჯონსონი.
სირენამდე 11 წამით ადრე "ატლანტამ" ბოლო იერიში წამოიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო ბურთი ჯო ჯონსონმა მოიხელთა და მეტოქის კალათისკენ დაიძრა. იგი "მეფეებმა" წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯომ ორივე საჯარიმო გამოიყენა, ანგარიშზე 36 ქულა ჩაიწერა, ხოლო "ატლანტას" 100:98 მოაგებინა.
ზაზამ რომ თქვა, მძიმე დღე გვქონდაო, ალბათ, საკუთარი თამაშიც იგულისხმა. იგი მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთით ათამაშა. ამ დროში ქართველი ცენტრი სამჯერ დაჯარიმდა და 1 მოხსნა მიითვალა.
ამ მოგებით "ატლანტა ჰოქსმა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მას 27 მოგება და 15 წაგება აქვს, ერთით მეტი ვიდრე მეხუთეადგილოსან "ორლანდოს". მესამე პოზიციაზე მყოფ "ჩიკაგოს" 28 გამარჯვება უწერია.
დღეს გამთენიისას "ქორები" მაიამიში "ჰიტის" წინააღმდეგ ითამაშებდნენ. მაიამელები კონფერენციაში მეორეები არიან - 30 მოგება, 12 წაგება.
ატლანტა-საკრამენტო 100:98
ზაზა ფაჩულია: 3:08 წუთი, 1 მოხსნა, 3 ფოლი.
ქრონოლოგია
I პერიოდი
01:39 ზაზამ სმიტი შეცვალა
01:39 ფოლი: 1
00:40 ფოლი: 2
00:40 პაუელმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:15 ზაზამ სმიტი შეცვალა
01:40 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:05 ფოლი: 3
00:05 უილკინსმა ზაზა შეცვალა
.