ლაშა გამყრელიძის "გისენის" სენი

AutoSharing Option
ლაშა გამყრელიძის გერმანული კლუბი "გისენი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ მიიწევს. გისენელებმა ზედიზედ მე-13 მატჩი წააგეს, ამჯერად სტუმრად "ბრაუნშვაიგთან" - 75:87.

მასპინძლებმა შეხვედრის ბედი საწყის სამ პერიოდში გადაწყვიტეს და მეოთხეში "გისენს" თავისუფლად თამაშის უფლება მისცეს. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა 24:14 მოიგეს, თუმცა 12-ქულიან მარცხს თავი მაინც ვერ დააღწიეს.

"გისენის"' ახალგაზრდა მწვრთნელი, ვლადიმირ ბოგოიევიჩი (1976 წელსაა დაბადებული), მდგომარეობის გამოსწორებას ათასგვარი ხერხით ცდილობს. თავიდან ამბობდა, ტრავმირებული სმიტი რომ დაგვიბრუნდება, მაშინ გვეშველებაო, მაგრამ ხსნა არც სმიტში აღმოჩნდა. ბოლო ორი მატჩია მწვრთნელი ქართველ გამთამაშებელს უნდობლობას უცხადებს
- ლაშა წინა შეხვედრის მსგავსად, "ბრაუნშვაიგთანაც" 6 წუთი ათამაშა (2 პასი, 1 ფოლი, 1 შეცდომა). "გისენის" თავკაცს, ალბათ, ავიწყდება, რომ სეზონის სტარტზე 5 მატჩის მოგებაში (დღემდე 5 გამარჯვება აქვს) გამყრელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის, 10-12 ქულას აგდებდა და 6-6 პასს ასრულებდა.

დღევანდელი მონაცემებით "გისენი" ცხრილში მე-16 ადგილზეა (5 გამარჯვება, 15 წაგება), გასავარდნ ზონაში მყოფ ორეულს ერთი მოგებით უსწრებს. თუ გისენელებმა თამაში არ გამოასწორეს, ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული