გიორგი ცინცაძე გუნდშიც პირველია და ცხრილშიც

AutoSharing Option
ბალტიის ლიგაზე ლიტვური "რუდუპისის" წინააღმდეგ მატჩის წინა დღეს "ტარტუ როკის" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ შეგირდები სათითაოდ დაახასიათა. ზოგს კომპლიმენტი უძღვნა, ზოგზე თქვა - მეტს ველოდიო... ამ უკანასკნელთა რიცხვში მოხვდა ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე.

ცხადია, ესტონურ გაზეთებში გამოქვეყნებულ მწვრთნელის ნააზრევს გიორგიც გაეცნობოდა და "რუდუპისთან" ისე ითამაშა, რომ ვესპაანუ საკუთარი სიტყვების სისწორეზე დააფიქრა. "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) 22 წუთში 18 ქულით "როკის" ბომბარდირი გახდა, თითქმის უშეცდომოდ ისროლა - 7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან
2 საჯარიმო. ამასთან, ოქმში გიორგის გასწვრივ 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი, 2 შეცდომა და 3 ფოლი ჩაიწერა. იგი თანაგუნდელთა შორის მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვითაც (20) საუკეთესო იყო.

ბუს ეფექტური თამაში მეტად იმიტომაც დაფასდა, რომ მისმა გუნდმა ტარტუში ლიტველები დაამარცხა. პირველ ტაიმში სწორედ ცინცაძის სიზუსტის წყალობით (საწყის 20 წუთში 12 ქულა ჩააგდო) "ტარტუ როკმა" 10-ქულიანი ფორა დაიბევა - 40:30.

ესტონელებმა სტუმრებს თამაშის ხალისი მესამე პერიოდში დაუკარგეს, რომლის ბოლოსაც 25 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ (65:40). საფინალო სირენამ "ტარტუს" დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა - 86:62.

დასაწყისში უნდა გვეთქვა, რომ პრიენაის "რუდუპისი" ბალტიის ლიგის სათავეში "როკთან" ერთად იდგა, ურთიერთშეხვედრამდე ორივეს 10-10 მოგება ჰქონდა, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ "როკერები" ერთპიროვნულად გალიდერდნენ - 11 გამარჯვება, 5 მარცხი.

ცინცაძის გუნდი ბალტიის ლიგაზე 5 თებერვლამდე დაისვენებს, მანამ ესტონეთის ჩემპიონატში შეეცდება პირველობის განმტკიცებას. შიდა ასპარეზზე ტარტუელები დღეს (შაბათს) "რაპლასთან" სტუმრად ითამაშებენ.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული